თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. თბილისში პირველი აგვისტოდან ტაქსების ლიცენზიის გაცემის პროცესი დაიწყება და 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება, ნათქვამია თბილისის მერიის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ დედაქალაქის მერია ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის შემუშავებას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც ცვლილებები ტაქსების მომსახურებასაც შეეხება. კერძოდ, ტაქსის სერვისის განსახორციელებლად ნებართვის აღება და რეგისტრაციის გავლა სავალდებულო ხდება და განხორციელდება ეტაპობრივად.
რა შეიცვლება ტაქსების ლიცენზირებით>>>
ნებართვის მაძიებლები რეგისტრაციის გავლას ელექტრონულად, taxi.tbilisi.gov.ge-ზე შეძლებენ. ასევე, დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში, მათ შესაძლებლობა ექნებათ, მიმართონ გამგეობებს, სადაც შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები დაეხმარებიან.
„რეგისტრაციის გავლას მძღოლები გამარტივებული წესით შეძლებენ. მათ ვებ-გვერდზე განთავსებულ ველებში უნდა შეიყვანონ პერსონალური მონაცემები. ასევე განათავსონ ავტომობილის ფლობის დამადასტურებელი მოწმობა. თუკი ნებართვის მაძიებელს საკუთარი ავტომობილი არ ჰყავს, მან უნდა წარმოადგინოს მესაკუთრის თანხმობა ტაქსით მომსახურების განხორციელებაზე", – განაცხადა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ მედიასთან.
ერთწლიანი ნებართვის საფასური, ჩვეულებრივი, შიდაწვისძრავიანი ავტომობილებისთვის იქნება 100 ლარი, ჰიბრიდული ავტომობილების მფლობელები სრული გადასახადის 50%-ს გადაიხდიან, ხოლო ელექტრომობილების მფლობელებისთვის რეგისტრაცია უფასო იქნება.
როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ტაქსით მომსახურების ნებართვის მიღება შეუძლია ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს მართვის მოწმობა და ანაზღაურების სანაცვლოდ მგზავრთა გადაყვანა სურს ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელსაც მძღოლის სავარძლის გარდა, არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილი აქვს.
ნებართვის გარეშე მოძრავი ტაქსი 200 ლარით დაჯარიმდება — რეგულაცია 1 ნოემბრიდან ამოქმედდება>>>
ტაქსის ნებართვის მფლობელი ვალდებული იქნება, რომ დოკუმენტი ავტომობილის სალონში თვალსაჩინო ადგილზე მოათავსოს და ტაქსზე შესაბამისი ნიშანი განათავსოს. საბუთის არქონის შემთხვევაში კი მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება.
მონიტორინგზე პასუხისმგებელი საპატრულო პოლიცია და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ჯგუფები იქნებიან.
რეგისტრაციის მეორე ეტაპზე, რომელიც 2019 წლის 1 ოქტომბერს დაიწყება, განისაზღვრება ავტომობილის ფერი, ერთიანი სტანდარტები და უსაფრთხოების ნორმები. ასევე, დამატებითი რეგულაციები შემუშავდება მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი ტაქსებისთვის.
დღეისათვის თბილისში, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, ტაქსების მუშაობა სახელმწიფოს მხრიდან არ რეგულირდება. არ არსებობს სპეციალური ლიცენზია და გადასახადები. ნებისმიერ მსურველს შეუძლია გახდეს ტაქსის მძღოლი. ამისთვის აუცილებელია საკუთარი ავტომობილი და ტაქსის სპეციალური ნიშანი.
საქართველოში არსებობს ტაქსის კერძო კომპანიები, თუმცა, ბაზარზე მათი წილი იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც კერძო გადაყვანით ინდივიდუალურად არიან დაკავებული, შედარებით მცირეა.
დედაქალაქში ტაქსების ზუსტი რაოდენობა უცნობია. დაუდასტურებელი ინფორმაციით, თბილისში 40 ათასი ტაქსი მოძრაობს.