რა სიახლეები ელოდებათ სიგარეტის მწეველებს

ესპერტის თქმით, გამონაკლისია დაშვებული სამორინეებისთვის, ხოლო სხვა ყველა სათამაშო დაწესებულებაში მოწევა აკრძალულია, რითაც არაკონკურენტულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ რიგი აზარტული თამაშების დაწესებულებები.
Sputnik

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“  საქართველოს პარლამენტს „თამბაქოს შესახებ“ კანონში განსახორციელებელი ცვლილებები წარუდგინა. არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივაზე საკანონმდებლო ორგანოში სექტემბერში უნდა იმსჯელონ.

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელის გიორგი ბახტურიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტში „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ მიერ წარდგენილი ინიციატივა რამდენიმე საკითხს მოიცავს. მათ შორისაა კანონდამრღვევი მწეველების 100 ლარით დაჯარიმებაც.

მოწევა კლავს! – როგორ დავანებოთ თამბაქოს მოწევას თავი

„აქამდე თუ ვინმე სიგარეტს შენობაში მოწევდა, ჯარიმდებოდა ადმინისტრაცია, ჩვენ გვინდა რომ საჯარიმო  სანქციები ფიზიკურ პირებსაც დაეკისროთ“, — განუცხადა გიორგი ბახტურიძემ „Sputnik —საქართველოს“. 

გიორგი ბახტურიძის თქმით, სიგარეტის აკრძალულ ადგილას მოწევის გამო ფიზიკურ პირებს პოლიცია ადრე წვრილმანი ხულიგნობის მუხლით აჯარიმებდა, რაც 100 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებდა. შესაბამის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, წვრილმანი ხულიგნობისთვის პირს უკვე შეიძლება 500-დან 1000 ლარამდე დაეკისროს, ეს კი მწეველისთვის საკმაოდ დიდი წნეხი იქნება. გარდა ამისა, ეს მრავალ პროცედურასთან არის დაკავშირებული, მათ შორის სასამართლო განხილვასთანაც. 

„ამიტომ სასურველი იქნება წვრილმანი ხულიგნობის კუთხით მწეველის გასამართლების ნაცვლად შემოვიღოთ ცალკე საჯარიმო სანქცია, რომელიც იქნება სადღაც 100 ლარის ფარგლებში. აქამდე სადარბაზოში თუ ვინმე მოწევდა, 50 ლარი უნდა გადაეხადა,  ახლა უკვე აკრძალულ ადგილას მოწევის ფაქტის გამო მწეველს შეიძლება ორჯერ მეტი დაეკისროს“, — აღნიშნა გიორგი ბახტურიძემ.

სათამაშო ბიზნესის „ყვითელი“ მაისური და ქართული ეკონომიკის მეტასტაზები...

კიდევ ერთი ცვლილება, რომელსაც წარდგენილი ინიციატივა ითვალისწინებს, უმაღლეს და სამედიცინო დაწესებულებების ტერიტორიაზე სპეციალური მოსაწევი სივრცეების გამოყოფაა.

„ამჟამინდელი რეგულაციის მიხედვით, კლინიკებისა და უნივერსიტეტების ტერიტორიაზე მოწევა იკრძალება, ჩვენი ინიციატივის მიხედვით, მოწევა გარე სივრცეში კი არ იქნება დაშვებული, როგორც ეს ბევრს ჰგონია, არამედ  მწეველებისთვის სპეციალური ადგილების გამოყოფა მოხდება“, — აღნიშნა გიორგი ბახტურიძემ. 

„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ ასევე  ითხოვს კაზინოებში მოწევის აკრძალვას და სიგარა-ბარის სალიცენზიო პირობების გაუქმებას.

მოწევის დაშვებას კლინიკების, სამკურნალო დაწესებულებებისა და სასწავლო დაწესებულებების ტერიტორიაზე სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში  მიესალმება „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია-აფბა“.

ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტის, პაატა ბაირახტარის განცხადებით, აფბა თავიდანვე  ეწინააღმდეგებოდა კანონპროექტში ამ რეგულაციის არსებობას, ვინაიდან ერთის მხრივ ის აღსასრულებლად რთულია, ხოლო მეორე მხრივ სერიოზულ პრობლემებს უქმნის სხვადასხვა დაწესებულებებს.

რომელ ობიექტებში ირღვევა თამბაქოს მოხმარების აკრძალვა

„თუმცა  კიდევ არის მრავალი ხარვეზი, რომელმაც კერძო სექტორს უკვე მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა. უფრო კონკრეტულად კი, კანონპროექტს აკლდა ეკონომიკური ანალიზი, მან ბიზნესების ნაწილი გაწირა გაკოტრებისთვის, ხოლო მეორე ნაწილს შეუქმნა პრობლემები და ჩააყენა არაკონკურენტულ მდგომარეობაში“, — მიაჩნია პაატა ბაირახტარს. 

მისი თქმით, საქმე ეხება „თამბაქოს შესახებ კანონის“ 10-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტს, რომლის მიხედვითაც გამონაკლისია დაშვებული სამორინეებისთვის, ხოლო სხვა ყველა სათამაშო დაწესებულებაში მოწევა აკრძალულია, რითაც არაკონკურენტულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ რიგი აზარტული თამაშების დაწესებულებები.  

„ასევე, არანაირ ეკონომიკურ ანალიზს არ ეფუძნება კანონის რეგულაცია, რომლის მიხედვითაც მოწევა დაშვებულია ე.წ. სიგარა-ბარებში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით სულ ერთი ერთეულია, ხოლო ჩილიმ-ბარებში მოწევა აიკრძალა. ამ  გადაწყვეტილებამ ერთის მხრივ არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა ბიზნესი, ხოლო მეორე მხრივ გაკოტრებისთვის გაიწირა ათეულობით ჩილიმ-ბარი“, — აღნიშნა პაატა ბაირახტარმა.

2018 წლის 1 მაისიდან ძალაში შევიდა ცვლილებები „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში, რომლის თანახმად თამბაქოს ნაწარმის (მათ შორის, ელექტრონული სიგარეტის) მოწევა სხვადასხვა დახურულ დაწესებულებებში იკრძალება, მათ შორის კაფეებში, ბარებსა და რესტორნებშიც. თამბაქოს მოწევა აკრძალულია ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სტადიონზე.

 

ნატა პატარაია