აჭარაში შენობა ჩამოინგრა - არიან დაშავებულები

ერთ-ერთ დაშავებულს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა და ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
Sputnik

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. სამი მუშა მოყვა სამსართულიანი შენობის ნანგრევებში, რომელიც ხელვაჩაურში ჩამოინგრა, იუწყება ტელეარხი „აჭარა“.

შემთხვევა ორშაბათს დილით მუსხელიშვილის ქუჩაზე მოხდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. რა გახდა შენობის ჩამონგრევის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ობიექტის მშენებლობა ოთხი თვის წინ დაიწყო და ტელეარხის მონაცემებით, სამუშაოები ფაქტობრივად დასრულებული იყო. ტერიტორიაზე კერძო სახლი შენდებოდა.

თბილისში საცხოვრებელი სახლი ნაწილობრივ ჩამოიშალა

„მუშებს სამუშაოები უკვე დასრულებული ჰქონდათ და ჩამოდიოდნენ. ჩამოიშალა სამივე სართული. მხოლოდ ერთი მუშა იყო ზემოთ, დანარჩენები ქვემოთ იყვნენ. რა მოხდა არ ვიცი გამოძიება დაადგენს, ასევე ექსპერტიზა ჩატარდება. სამშენებლო სამუშაოები პროექტის მიხედვით მიმდინარეობდა. შეიძლება ცემენტი არ ვარგოდა. ვერ ვამბობთ ვერაფერს. სახლის ბოლო სართულიც აშენებული იყო, მხოლოდ სახურავი იყო გასაკეთებელი“, — განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა მალხაზ მამულაძემ.  

სტაბილურად მძიმეა ერთი დაშავებული მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფება. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

ტელეარხის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად 53 წლის მამაკაცმა მკერდისა და მუცლის არეში დახურული ტრავმა მიიღო. მას ასევე ზედა კიდურების ღია და დახურული მოტეხილობები აღენიშნება.

ორი დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მედიკოსების თქმით, ისინი კლინიკას დღის ბოლომდე დატოვებენ.

ავლაბარში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა >>

საქართველოში შრომის უსაფრთხოების პრობლემა გამწვავდა. იანვრიდან ივნისამდე შსს-მ 19 სისხლის სამართლის საქმე აღძრა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტებზე, ბრალდება 6 ადამიანს წაუყენეს. სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების შედეგად წლის დასაწყისიდან 17 ადამიანი დაიღუპა.

განსხვავებული სტატისტიკა მოჰყავს საქართველოს გაერთიანებულ პროფკავშირებს. მათი მონაცემებით, 2018 წელს სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების შედეგად დაიღუპა 29 ადამიანი.