თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. პოლიციამ ისრაელის ხუთი მოქალაქე დააკავა, რომლებიც ქალებით ვაჭრობაში და მათი პროსტიტუციაში იძულებით ჩაბმაში არიან ეჭვმიტანილი. კვირას სასამართლომ მათი წინასწარი დაკავების ვადა ერთი კვირით გააგრძელა, იუწყება РИА Новости ისრაელის პოლიციის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
გამოძიების შედეგად, რომელიც რამდენიმე თვე გრძელდებოდა, დანაშაულებრივი ქსელი გამოვლინდა, რომელიც ისრაელში პროსტიტუციაში ჩაბმის მიზნით ბელარუსიაში და დსთ-ის სხვა ქვეყნებში გოგონებს არჩევდა.
დაკავებულები ყოფილი სსრკ-ის რეპატრიანტები არიან და ისრაელის სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობენ. სტრიპ-კლუბებში და ბორდელებში მუშაობის დაწყების მიზნით მათ ქვეყანაში არასრულწლოვნებიც შემოჰყავდათ.
ადამიანებით ვაჭრობის გარდა, დაჯგუფების წევრები ეჭვმიტანილი არიან დანაშაულებრივ შეთანხმებაში, გადასახადების დამალვაში, ფულის გათეთრებაში და სხვა ეკონომიკურ დანაშაულებში.
იმავე დროს ბელარუსში ადგილობრივმა სამართალდამცველებმა 57 წლის ისრაელის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ასევე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი იყო.
გამოძიების ფარგლებში პოლიციის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ დანაშაულებრივი ქსელის ორგანიზატორები გოგონებს აძლევდნენ ინსტრუქციებს, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ შემოწმებისას ბენ-გურიონის აეროპორტში და რა ეპასუხათ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რათა ეჭვი არ გამოეწვიათ და დეპორტაცია თავიდან აერიდებინათ.
პოლიციამ დაადგინა პირადი მონაცემები და ადგილსამყოფელი იმ გოგონების, რომლებიც ქვეყანაში დანაშაულებრივმა ჯგუფმა ჩამოიყვანა. ყველა მათგანი მოთავსებულია ძალადობის მსხვერპლთა სპეციალურ თავშესაფარში, სადაც სასამართლო პროცესის დასრულებას დაელოდებიან.
არალეგალურად ჩამოყვანილი გოგონების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ ხმაურდება.