თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კანონიერ ქურდობაში, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებასა და ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში ბრალდებულ მინდია ლავასოღლის (მინდია გორაძე) 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
18 ივლისს სამართალდამცველებმა თბილისსა და აჭარის რეგიონში, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის და ლავასოღლისთან კავშირის ბრალდებით 10 პირი დააკავეს.
ე.წ. კანონიერ ქურდ „ლავას ოღლისთან" კავშირისთვის თბილისსა და აჭარაში ათი პირი დააკავეს >>
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2013 წელს მინდია ლავასოღლი აღიარებული იქნა „კანონიერ ქურდად“, რის შემდეგ იგი ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად მართავდა და ორგანიზებას უწევდა ქურდული სამყაროს წევრთა გარკვეულ ჯგუფს. მუქარით, დაშინებით და ქურდული გარჩევების გზით აიძულებდა მოქალაქეებს შეესრულებინათ მათთვის არასასურველი ქმედებები, გარდა ამისა, 2014-2015 წლებში მინდია ლავასოღლის კავშირი ჰქონდა საქართველოში მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებთან.
სამართალდამცველებმა ლავასოღლის წინააღმდეგ მტკიცებულებები ფარული მიყურადების შედეგად მოიპოვეს. ამჟამად იგი საქართველოში არ იმყოფება და ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.