საქართველოში უმაღლესი სასწავლებლების რიცხვი შემცირდა

წლის დასაწყისიდან უმაღლესი სასწავლებლები ავტორიზაციას, არსებული სამი სტანდარტის ნაცვლად, შვიდი ახალი წესის შესაბამისად გადიან.
Sputnik

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. მიმდინარე წელს საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი შვიდმა დაწესებულებამ დაკარგა, მათგან ორი პროფესიულ სასწავლებლად გადაკეთდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით.

ახალი სასწავლო წლიდან უნივერსიტეტის პროფესორები სკოლებში გაკვეთილებს ჩაატარებენ

ინტერბიზნესის აკადემიამ თავად განაცხადა უარი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსზე და პროფესიული კოლეჯის სახით განაგრძობს საქმიანობას. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის საგანმანათლებლო კავშირმა „საზოგადოება ცოდნა".

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის გარეშე დარჩა ამერიკის ბიზნესის აკადემიაც, რომელმაც არაგეგმიური მონიტორინგის ვიზიტის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ თავად მოითხოვა ავტორიზაციის გაუქმება.

ბახტაძემ სტუდენტების დაფინანსების სისტემის შეცვლა გადაწყვიტა>>>

არაგეგმიური მონიტორინგის შედეგად ავტორიზაცია გაუუქმდა თბილისის საერთაშორისო აკადემიას, წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს და თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ „ჰიპოკრატეს".

ამასთან, უმაღლესი სასწავლებლის სტატუსის გარეშე დარჩა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის უმაღლესი სასწავლებელიც, რომელმაც საკუთარი სურვილით თქვა უარი ავტორიზაციის გავლაზე.

გარდა ზემოჩამოთვლილი დაწესებულებებისა, უმაღლესი სასწავლებლის სტატუსზე უარის თქმისა და პროფესიული კოლეჯის სახით საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ და საქართველოს ბიზნესის აკადემიამ (SBA). პროცესი 2018 წლის ბოლომდე დასრულდება.

საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებიც სტატუსის გარეშე დარჩნენ, 1,2 ათას სტუდენტზე მეტი ირიცხებოდა.

მომავალი სასწავლო წლიდან შესაძლოა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის ხანგრძლივობა შემცირდეს

იმისთვის, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის და სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომების გაცემის უფლება მოიპოვოს, 29 უმაღლესმა სასწავლებელმა ავტორიზაცია ხელახლა უნდა გაიაროს.

2018 წლიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ადრე მოქმედი სამი სტანდარტის ნაცვლად, ახალი, ევროპულ სტანდარტებთან თავსებადი შვიდი სტანდარტით უწევთ ავტორიზაციის გავლა.

თუ ადრე უნივერსიტეტები მხოლოდ საგანმანათლებლო პროგრამების, მატერიალური ბაზისა და ადამიანური რესურსის ნაწილში მოწმდებოდნენ, ახალი სტანდარტებით განსაკუთრებული ყურადღება ექცევა უნივერსიტეტის მისიას, სტრატეგიულ გეგმას, სტუდენტზე ორიენტირებულ სწავლების პროცესს და მათ მიერ მიღწეული შედეგების შეფასებას. ასევე ფასდება ორგანიზაციული მართვის ნაწილი და კვლევების ჩასატარებლად არსებული რესურსები.

დღეს საქართველოში 66 ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ავტორიზაციას ექვსი წლის ვადით მოიპოვებენ.