მშენებლობის წესების დარღვევისთვის 2 მილიონამდე ჯარიმაა ამოღებული

კახა კალაძემ თავის მოადგილეებს დედაქალაქში მშენებლობის მიმართულებით რეგულაციების გამკაცრებაზე მუშაობა დაავალა.
Sputnik

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ბოლო რამდენიმე თვეში სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევებისთვის ორ მილიონამდე ჯარიმაა ამოღებული, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებაზე დაყრდნობით.

მიმდინარე წლის მარტში „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში" ამოქმედდა ცვლილებები, რომელთა თანახმად, თბილისის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს წესების დარღვევისთვის ჯარიმების ოდენობა ზოგიერთ შემთხვევაში ათჯერ გაიზარდა.

„ძალიან ბევრი რეგულაცია გამკაცრდა სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დაცვის და დარღვევის თვალსაზრისით, რომელთა გამოც, სამწუხაროდ, ორ მილიონამდე ჯარიმა იქნა ამოღებული ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში", — განაცხადა მაია ბითაძემ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თავის მოადგილეებს მშენებლობის მიმართულებით რეგულაციების გამკაცრებაზე მუშაობა დაავალა. ამ შემთხვევაში საუბარია დედაქალაქში ჰაერის მტვრით დაბინძურების პრობლემის აღმოფხვრაზე. კალაძის თქმით, მშენებლობებისგან გამოწვეული მტვერი ქალაქისთვის პრობლემას წარმოადგენს და აუცილებელია მოქმედ კანონმდებლობაში რეგულაციების გამკაცრება.

რას ვსუნთქავთ: თბილისში ჰაერის ხარისხი სავალალოა

„მერის დღევანდელი დავალება, რომ კიდევ უფრო გამკაცრდეს სამშენებლო საქმიანობის ის მიმართულებები, რაც დაკავშირებულია მტვრის ნაწილაკების გაფრქვევასთან, დაკავშირებულია სამ ძირითად მიმართულებასთან, რაზეც უახლოეს პერიოდში მოვამზადებთ სამართლებრივ ცვლილებებს პარლამენტთან თანამშრომლობით", — განაცხადა ბითაძემ.

მაია ბითაძის განმარტებით, პირველი სამართლებრივი ცვლილება შეეხება სამშენებლო მასალის ტრანსპორტირებას, მეორე — სამშენებლო მოედნებზე დამტვერიანებისგან დამცავი საშუალებების გამოყენებას, მესამე ცვლილების მიხედვით კი, მშენებლობის დროს, შესაძლებელია, დამატებითი რეგულაციები დაწესდეს დამცავ ბადეებთან დაკავშირებით.

დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მშენებლობის ნორმების დარღვევისთვის პირი 30 ათასი ლარით ჯარიმდება.

ემუქრება თუ არა თბილისს კატასტროფა და მშენებლობის წესების დარღვევის მოსალოდნელი შედეგი

თუ უკანონო მშენებლობა გაგრძელდება სამუშაოების შეჩერების დადგენილების მიუხედავად, პასუხისმგებელი პირი 50 ათასი ლარით ჯარიმდება.

იმ შემთხვევაში, თუ უკანონო მშენებლობა მიმდინარეობს სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებულ ტერიტორიაზე, ჯარიმის ოდენობა 25 ათასი ლარია, ხოლო კერძო მფლობელობის შემთხვევაში — 20 ათასი ლარი. კანონის აღსრულებას თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს.

ამას გარდა, 20 ათასი ლარით ისჯება კერძო ტერიტორიაზე ხუთ სართულამდე საცხოვრებელი შენობების მშენებლობისა და რეკონსტრუქციის უნებართვოდ დაწყება; აგრეთვე მცირე საზოგადოებრივი შენობების, სამრეწველო საწარმოების დამხმარე ნაგებობებისა და დროებითი შენობების (კლასიფიკაციით III და IV კლასი) მშენებლობისა და რეკონსტრუქციის უნებართვოდ დაწყება.

პროექტის დარღვევით მშენებლობის შემთხვევაში, კერძოდ, III და IV კლასის ობიექტებზე, პასუხისმგებელი პირი 20 ათასი ლარით ჯარიმდება.