თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველოში მაღალი ხარისხის დიზელის საწვავი უნდა შემოვიდეს და დაბალი სტანდარტების ავტომობილების შემოყვანაც შეიზღუდოს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
თბილისის მერი გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინიტრის მამუკა ბახტაძის ინიციატივას, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ქვეყანაში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე ისაუბრა. ბახტაძის განცხადებით, მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად უნდა გაუმჯებესდეს საწვავის ხარისხი, გამკაცრდეს მოთხოვნები ტექდათვალიერებაზე და აიკრძალოს დაბალი სტანდარტების მანქანების იმპორტი.
„სუნთქვა შესაძლებელი იქნება: საქართველოს ხელისუფლება ჰაერის დაბინძურებას ომს უცხადებს">>
„მინდა გამოვეხმაურო პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებას, რომ აუცილებელია მოხდეს საწვავის მიმართულებით გარკვეული ცვლილებები, ანუ ხარისხი იქნეს ამაღლებული, რაც მისასალმებელია. ვფიქრობ, რაც შეიძლება მალე არის განსახორციელებელი ეს ცვლილება, რომ საქართველოში შემოვიდეს მაღალი ხარისხის საწვავი, განსაკუთრებით, საუბარია დიზელის მიმართულებაზე", – განაცხადა კალაძემ.
გარდა ამისა, კალაძემ აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა დედაქალაქში მეტი ახალი ავტომობილი შემოვიდეს და ავტოპარკი განახლდეს.
„ასევე უნდა შეიზღუდოს დაბალი სტანდარტების ავტომობილების შემოსვლა ჩვენ ქვეყანაში, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და, ვფიქრობ, უნდა წავახალისოთ ახალი ავტომობილების შემოყვანა", — აღნიშნა თბილისის მერმა.
კალაძის განმარტებით, ელექტრომობილების შემოყვანაზე ყველანაირი შეზღუდვა მოხსნილია, ასევე გარკვეული შეღავათებია დაწესებული ჰიბრიდული მანქანების შემოყვანაზე.
კალაძემ რამდენიმე კვირის წინაც განაცხადა, რომ თბილისში ეკოლოგიური პრობლემის დასაძლევად გარკვეული რეფორმების განხორციელებაა აუცილებელი, რომლებიც შეიძლება მტკივნეული აღმოჩნდეს საზოგადოებისთვის. იგი ამ რეფორმებში, სხვა საკითხებთან ერთად, ძველი ავტომობილების შემოყვანის აკრძალვასაც გულისხმობდა. კალაძის თქმით, უცხოეთიდან შემოყვანილი ავტომობილების მაჩვენებელი ყოველწლიურად 7%-ით იზრდება და მათი 98% ძველია.
საქართველოში 1,19 მილიონი ავტომობილია რეგისტრირებული, აქედან 46%-ის ასაკი 20 წელზე მეტია.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის ანგარიშის მიხედვით, ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანობის დონით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა, ხოლო იელის უნივერისტეტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 180 ქვეყნიდან 111-ე ადგილზეა ჰაერის დაბინძურების კუთხით.