ბლოკჩეინი — ეს არის ერთგვარი ელექტრონული ჟურნალი, მუდმივად მზარდი ჩანაწერების სია, რომელიც აღრიცხავს და ბლოკებად გარდაქმნის განხორციელებულ ტრანზაქციებს. ყოველი შემდეგი ბლოკი წინას სპეციალური ალგორითმით უკავშირდება და იქ ჩაწერილი ინფორმაციის სისწორეს ადასტურებს. ბლოკები ათასობით კომპიუტერისგან შემდგარ ქსელშია გაბნეული, სადაც ჩართვა ნებაყოფლობითია. ქსელში შენახული ჩანაწერის შეცვლა ან წაშლა შეუძლებელია, რადგან ყველა კომპიუტერი ჩანაწერების საკუთარ ასლს ინახავს.
„ბლოკჩეინი ეს მომავლის ტექნოლოგიაა. მისი რომელიმე უბანზე სატესტო რეჟიმში გამოყენება გვაჩვენებს, როგორ მუშაობს ის პრაქტიკაში და ღირს თუ არა მომავალში ქვეყანაში მისი დანერგვა“, – განაცხადა ლევან ბოძაშვილმა „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას.
მისი თქმით, ტესტმა თუ გაამართლა, ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვას ბევრი დადებითი მხარე ექნება, კერძოდ: მოახდენს გაყალბებისა და ამომრჩეველზე არასასურველი ზემოქმედების პრევენციას; საშუალებას მისცემს ემიგრანტ მოქალაქეებს, საარჩევნო უბანზე მიუსვლელად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, რაც საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის ხშირად დიდ პრობლემას წარმოადგენს. გარდა ამისა, ის მნიშვნელოვნად შეამცირებს საარჩევნო ხარჯებს. თუ, მაგალითად, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის გამოყოფილია 39 მილიონი ლარი, ამ ტექნოლოგიის დანერგვის შემთხვევაში გაცილებით ნაკლები დაიხარჯება. გარდა ამისა, ყოველი შემდეგი არჩევნები ქვეყნის ბიუჯეტს უფრო იაფი დაუჯდება.
„მთავარი მაინც ის არის, რომ შეუძლებელია არჩევნების გაყალბება და ძალიან მომგებიანია დროის დაზოგვის თვალსაზრისით, რადგან ადამიანს არ უწევს საარჩევნო უბანზე მისვლა, თუ, რა თქმა უნდა, მას აქვს კომპიუტერი და ინტერნეტთან წვდომა“, – აღნიშნა ლევან ბოძაშვილმა.
რაც შეეხება სატესტო რეჟიმში ჩატარებული არჩევნების შედეგებს, ლევან ბოძაშვილი დარწმუნებულია, რომ, დიდი ალბათობით, მიღებული ციფრები უბნის ოფიციალური მონაცემებისგან განსხვავებული იქნება.
იმისათვის, რომ არჩევნებზე ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენება მოხდეს, საჭიროა სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის შექმნაც რამდენიმე ასეული ათასი დოლარი ღირს. ხოლო იმისთვის, რომ ამომრჩეველმა ამ ტექნოლოგიის გამოყენებით ხმის მიცემა შეძლოს, მას უნდა შეეძლოს სპეციალურ საიტზე ან აპლიკაციის საშუალებით ავტორიზაციის გავლა და საკუთარი არჩევანის ანონიმურად გაკეთება.
ლევან ბოძაშვილის თქმით, ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენებით სატესტო რეჟიმში არჩევნები რამდენიმე ქვეყანაში ჩატარდა, რომელთა შორის არიან ესტონეთი და შვეიცარია.
ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენება ყველა იმ სფეროში შეიძლება, სადაც ინფორმაციის შენახვის უსაფრთხოების მაღალი დონეა საჭირო.
საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ბლოკჩეინის ტექნოლოგიას უძრავი ქონების რეგისტრაციისას უკვე იყენებს.
ბლოკჩეინი არის ასევე კრიპტოვალუტა ბიტკოინის მთავარი შემადგენელი ნაწილი, რომლის მაინინგზე დახარჯული ელექტროენერგიის რაოდენობით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა.
ნატა პატარაია