აფბა აზარტული თამაშების რეგულირებას მოითხოვს

აზარტული თამაშების ბრუნვის მაჩვენებლი ყოველწლიურად დაახლოებით 1 მილიარდი ლარით იზრდება.
Sputnik

თბილისი,  12 ივლისი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ (აფბა) პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მოუწოდებს, მთავრობის დამტკიცებისთანავე მიიღოს გადაწყვეტილება აზარტული თამაშების რეგულირების გამკაცრებასთან დაკავშირებით, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

საქართველოში ონლაინ-კაზინოში თამაში შეიძლება 21 წლამდე ასაკის პირებს აეკრძალოთ

„დღეის მდგომარეობით აზარტულ თამაშებში საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილია ჩართული, მათ შორის, არასრულწლოვნებიც და ეს ბიზნესი, რეგულირების არსებული პრაქტიკით, სოციალურ ფონს კიდევ უფრო ამძიმებს“, — განაცხადა ორგანიზაციის ვიცე–პრეზიდენტმა გიორგი კაპანაძემ.

მისი თქმით, აზარტული თამაშები ქვეყანაში არსებული სიღარიბისა და ჭარბვალიანობის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია. შესაბამისად, თუ პრემიერი რეალურად აპირებს ამ პრობლემების აღმოფხვრას, აუცილებელია სათამაშო ბიზნესის რეგულირებაში ცალკეული საკითხების გადახედვა.  

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,  მოხდეს ონლაინ აზარტული თამაშების რეგულირება, ვინაიდან საქართველოს მოქალქეების ძირითადი ნაწილი სწორედ ონლაინ–თამაშებშია ჩართული“, — აღნიშნა გიორგი კაპანაძემ.   

სათამაშო ბიზნესის „ყვითელი“ მაისური და ქართული ეკონომიკის მეტასტაზები...

მისი განცხადებით, ასევე  საგანგაშოა აზარტული თამაშების ბრუნვის მაჩვენებლის მუდმივი ზრდა, რომელმაც 2017 წელს 5,6 მილიარდი შეადგინა და იგი ყოველწლიურად დაახლოებით 1 მილიარდი ლარით იზრდება.  ამ ყველაფრის ფონზე კი ბიუჯეტში მიზერული თანხა, მხოლოდ 332 მილიონია შესული.

„ბიუჯეტში ციფრები იმდენად საგანგაშოა, რომ სათამაშო ბიზნეს-ასოციაციამ „საქსტატთან“  მემორანდუმი გააფორმა, რათა განსხვავებული მეთოდოლოგიით მოხდეს ბრუნვის მაჩვენებლების დათვლა“, — აღნიშნა გიორგი კაპანაძემ. 

აფბას ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, მსგავსი ფაქტი ყოვლად დაუშვებელია და რეალურად სათამაშო ბიზნეს-ასოციაცია ცდილობს, რომ მიჩქმალოს ის საგაგანგაშო მდგომარეობა, რასაც აზარტული თამაშების ბიზნესი ქმნის.

”როგორც ჩანს, ასოციაცია ცდილობს ციფრების მანიპულირებით შეცდომაში შეიყვანოს როგორც ხელისუფლება, ასევე მოსახლეობა“, – აღნიშნა კაპანაძემ.

 ორგანიზაციას მიაჩნია, რომ პირველ რიგში, აუცილებელია, მოხდეს ფინანსების გამჭვირვალობა, რათა როგორც ხელისუფლებამ, ასევე სპეციალისტებმა და მოქალაქეებმა ნათლად დაინახონ სექტორში არსებული რეალური მდგომარეობა.