1 აგვისტოდან საფრთხის შემცველი საწარმოების ინსპექტირება დაიწყება

მომეტებული საფრთხის შემცველი საწარმოების ნუსხაში დაახლოებით 42 საწარმო შევა. გარდა ამისა, გაიწერება მძიმე და საშიში პირობების შემცველი სამუშაოების ჩამონათვალი.
Sputnik

თბილისი,  9 ივლისი — Sputnik. პირველი აგვისტოდან შრომის უსაფრთხოების სტანდარტების შემოწმების მიზნით,  მომეტებული საფრთხის შემცველი საწარმოების  არანებაყოფლობითი ინსპექტირება დაიწყება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საქართველოს პარლამენტმა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ახალი კანონის პროექტი მიმდინარე წლის მარტში მიიღო. კანონის თანახმად, გაზრდილია სანქციების ოდენობა იმ საწარმოებისთვის, რომლებიც შრომის უსაფრთხოების სტანდარტებს დაარღვევენ.  გარდა ამისა გაჩნდება ახალი პოზიცია –  შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, რომელიც პასუხისმგებელია უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე საწარმოში. 

ძველი კანონით შრომის ინსპექციას, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში საწარმოსთვის მხოლოდ რეკომენდაციების მიცემის უფლება გააჩნდა, ახალი კანონით კი გაფრთხილების გარდა, ფულადი ჯარიმების გამოწერის საშუალებაც მიეცემა. 

შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის 1209 მსხვერპლი – რატომ სდუმან კანონმდებლები>>>

მომეტებული საფრთხის შემცველი საწარმოების ნუსხაში დაახლოებით 42 საწარმო შევა. ასევე გაიწერება მძიმე და საშიში პირობების შემცველი სამუშაოების ჩამონათვალი. 

კანონპრექტზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მაისში ტყიბულის ნახშირმომპოვებელ მაღაროში ოთხი მუშა დაიღუპა. საზოგადოების წარმომადგენლებმა  და არასამთავრობო ორგანიზაციებმა  აქტიურად დაიწყეს საუბარი  შრომის პირობებზე კონტროლის გამკაცრების აუცილებლობაზე. 

საფრთხედ ქცეული გარჯა, ანუ როცა შრომა კლავს...

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში 2007-2016 წლებში საწარმოო ტრავმებით 416 ადამიანი დაიღუპა.

კანონი  ითვალისწინებს შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ჩამოყალიბებასა და კონტროლის სისტემის შექმნას, რათა თითოეული ადამიანი სამუშაო ადგილზე დაცული იყოს.

დამსაქმებლები ვალდებული იქნებიან დაიცვან  შრომის უსაფრთხოების ნორმები, იზრუნონ დასაქმებულთა და საწარმოში მყოფ პირთა უსაფრთხოებაზე.

მათ თავად უნდა შეაფასონ მუშაობის რისკები, საფრთხეების აღმოსაფხვრელად  შეიმუშაონ ღონისძიებები,  თანამშრომლებს უნდა ჩაუტარონ  ინსტრუქტაჟი და უპირატესობა კოლექტიური დაცვის საშუალებებს მიანიჭონ.

დასაქმებულები, თავის მხრივ, ვალდებული იქნებიან  დაიცვან უსაფრთხოების ინსტრუქციები, ამასთან მათ ექნებათ უფლება უარი თქვან ისეთი სამუშაოს შესრულებაზე, რომელიც მათ სიცოცხლესა ან ჯანმრთელობას აშკარა საფრთხეს უქმნის, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოითხოვონ სხვა, უფრო უსაფრთხო სამუშაოზე გადასვლა.

დასაქმებულებს ექნებათ უფლება დამსაქმებელთან ერთად განიხილონ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, მიიღონ ინფორმაცია რისკების შესახებ და შრომის უსაფრთხოების პირობების დასადგენად ექსპერტი დაიქირავონ. 

გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა - შრომის უსაფრთხოება საქართველოში

თუ საწარმოში 20 ან ნაკლები ადამიანი მუშაობს, დამსაქმებელს თავად შეუძლია შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოვალეობები, მაგრამ იმ პირობით, თუ მან წინასწარ მომზადების სპეციალური პროგრამა გაიარა. თუ საწარმოში 20-დან 100-მდე თანამშრომელია, დამსაქმებელი ვალდებულია შრომის უსაფრთხოების მინიმუმ ერთი სპეციალისტი დანიშნოს.

კანონის დაცვის კონტროლს ზედამხედველობის  სპეციალური სამსახური განახორციელებს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით ჩამოაყალიბებს.

ამ სამსახურის ინსპექტორებმა შემოწმებები უნდა ჩაატარონ. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მათ საწარმოთა დაჯარიმებისა და საქმიანობის შეჩერების უფლება ექნებათ.

რეგისტრაციის გარეშე საშიში სამუშაოების განხორციელება 1000 ლარით დაჯარიმდება. ასეთივე ჯარიმა ინსპექტორის საქმიანობაში ჩარევის დროს არის გათვალისწინებული, ხოლო 100 ლარიდან 8 000 ლარამდე ჯარიმა გათვალისწინებულია შრომის უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისას.