თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. ბათუმში დაკავებული თურქეთის მოქალაქე დაკავშირებული არ არის რუსი პილოტის ოლეგ პეშკოვის მკვლელობასთან, განუცხადა РИА Новости-ს ადვოკატმა მურატ უსტიუნდაგმა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლება თურქეთის მოქალაქეს ექსტრადირებისთვის ამზადებს, რომელიც თურქული მხარის თხოვნით დააკავეს, თუმცა, საქმის მასალებში საუბარი არ არის იმის თაობაზე, რომ ის 2015 წელს რუსი მფრინავის მკვლელობასთან არის დაკავშირებული.
უსტიუნდაგი ალფარსლან ჩელიქის ადვოკატი იყო, რომელმაც პეშკოვის მკვლელობა საკუთარ თავზე აიღო მას შემდეგ, რაც თურქულმა შეიარაღებულმა ძალებმა 2015 წლის ნოემბერში რუსული Су-24 ჩამოაგდეს.
აჭარის პოლიციამ რუსი პილოტის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა>>>
ადრე გაზეთი Hurriyet წერდა, რომ ინტერპოლის მოთხოვნით საქართველოში დააკავეს სერქან ქურტულუში – როგორც პეშკოვის მკვლელობაში ერთ–ერთი ეჭვმიტანილი. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ახლა იგი პატიმრობაში იმყოფება და მას ბრალად ედება დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა, თავდასხმა და შანტაჟი.
„ქურტულუში საქართველოში მართლა დააკავეს, თუმცა დაკავების მიზეზი პეშკოვის მკვლელობა არ არის. მასმედიაში ფაქტების არევა შეიძლება იმის გამო მოხდა, რომ ქურტულუში სირიაში იბრძოდა და ის ჩელიქის მეგობარია, რომლის სახელიც დაკავშირებულია პეშკოვის საქმესთან. იმ დღეს, როდესაც რუსი პილოტი მოკლეს, ქურტულუში თურქეთში იმყოფებოდა“, – განაცხადა სააგენტოსთან თანამოსაუბრემ.
როგორც მან განმარტა, თურქეთში რუსი პილოტის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო საქმისწარმოება არ მომხდარა.
„ქურტულუში იზმირში 2016 წლის მარტში ჩელიქთან ერთად იარაღის უკანონო ტარების საქმეზე დააკავეს. მოგვიანებით, ჩელიქისგან განსხვავებით, ის გამართლდა“, – განაცხადა უსტიუნდაგმა.
2015 წლის 24 ნოემბერს ოლეგ პეშკოვი სირიის ტერიტორიაზე დაიღუპა, როცა ის მონაწილეობდა რადიკალური ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ჩატარებულ ოპერაციაში. თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული Су-24 ჩამოაგდეს. პეშკოვმა კატაპულტირება მოახერხა, მაგრამ იგი დაცხრილეს. ინციდენტის შემდეგ პეშკოვის მკვლელობასთან კავშირის შესახებ განაცხადა ჩელიქმა, თუმცა დაპატიმრების შემდეგ მან ჩვენებაში განმარტა, რომ არ მოუკლავს რუსი პილოტი და მის დაქვემდებარებაში მყოფ ბოევიკებს ბრძანებას აძლევდა, რომ კატაპულტირების დროს არ მოეკლათ პეშკოვი. ჩელიქსა და სხვა 18 მსჯავრდებულს ბრალად ედებათ იარაღის უკანონო შენახვა–ტარება.
2017 წელს იზმირის სასამართლომ ჩელიქს ხუთი წლით პატიმრობა შეუფარდა, ამასთან სასამართლოს არ განუხილავს პეშკოვის მკვლელობის საქმე.