მიხეილ სააკაშვილმა გიორგი მარგველაშვილს ლაჩარი უწოდა

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლებას მისი დაბრუნების ეშინია.
Sputnik

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის ამჟამინდელ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა და მისგან მოქალაქეობის დაბრუნება მოითხოვა, რათა კვლავ სამშობლოში პოლიტიკით დაკავდეს.

მიხეილ სააკაშვილს 6-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს

სააკაშვილს მოქალაქეობა მას შემდეგ ჩამოერთვა, რაც 2015 წელს მან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.

„მარგველაშვილი არის აბსოლუტური ლაჩარი, იმიტომ რომ, პირველ რიგში, ჩამომართვა მოქალაქეობა. თუ  ელემენტარული ვაჟკაცობა აქვს, თუ ერთი წვეთი ადამიანობა აქვს, დამიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა“, — განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.

მისი სიტყვებით, საქართველოს ახლანდელ მთავრობას მისი სამშობლოში დაბრუნებისა და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის ეშინია.

საქართველოში არჩევნები 2018 წლის შემოდგომაზე გაიმართება და იგი იქნება პრეზიდენტის ბოლო პირდაპირი არჩევნები. ამასთან, ქვეყნის მეთაურის არჩევა არა ხუთი, არამედ ექვსი წლით მოხდება.

„დაე, გაიწიოს ყველა. მე სუფთა ხელებისა და ჩემი რეპუტაციის გარდა არაფერი მაქვს. შემომიშვით საქართველოში და გაჩვენებთ ვისი ეშინიათ და ვისით დააშინებენ ხალხს", — განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ მას ხალხთან ურთიერთობისთვის „ფილტრი" არ სჭირდება.

ამ ეტაპზე საპრეზიდენტო რბოლაში ჩაბმას აპირებენ ოპოზიციური პარტია „გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, სანდრო ბრეგაძე (მოძრაობა „ქართული მარში"), პარტია „შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი და პარლამენტის ექს-სპიკერი ნინო ბურჯანაძე.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს დატოვა, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახდა.