ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო: სიცხემ თავისი კორექტივები შეიტანა

აბიტურიენტებმა უნდა ჩააბარონ ოთხი გამოცდა, აქედან სამი სავალდებულო და ერთი – არჩევითი. თუმცა გრაფიკი სიცხემ დაარღვია.
Sputnik

თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. საქართველოში 2 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.

გამოსაშვები სასკოლო გამოცდები 2018 წელს 2,4 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა ვერ ჩააბარა. მათგან უმრავლესობა მე-12 კლასის მოსწავლეები იყვნენ, ხოლო ნაწილი – ისინი, ვინც გამოცდები გასულ წელს ვერ ჩააბარა. სულ გამოსაშვებ გამოცდებზე წელს დაახლოებით 49 ათასი მოსწავლე გავიდა.

აბიტურიენტებმა უნდა ჩააბარონ ოთხი გამოცდა. აქედან სამი სავალდებულოა – ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები, უცხო ენა და ერთიც არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება და სამოქალაქო განათლება.

სიცხემ გამოცდების გრაფიკში ცვლილებები შეიტანა

ძლიერი სიცხის გამო, რომელიც საქართველოში 2 და 3 ივლისსაა მოსალოდნელი, გამოცდებისა და შეფასების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგში ცვლილებები შეიტანა.

მოსახლეობის საყურადღებოდ: საქართველოში სიცხე 40 გრადუსს გადააჭარბებს

30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შეიძლება 40–43 გრადუსს, დასავლეთ საქართველოში კი 32–37 გრადუსს მიაღწიოს. 

საუბარია გამოცდაზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში, რომელიც 14:00 საათზე უნდა დაწყებულიყო.

ქართული ენის გამოცდა, რომელიც უნდა დაწყებულიყო 2 და 3 ივლისს 14:00 საათზე, ჩატარდება 4 და 5 ივლისს 09:00 საათზე. გამოცდა ზოგად უნარებში 5 ივლისიდან 7 ივლისს გადაიტანეს.

დანარჩენ გამოცდებს ცვლილებები არ შეეხება.

გამოცდების განრიგის შეცვლა იმან გამოიწვია, რომ როგორც ცნობილი გახდა, აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება მაღალი ტემპერატურის მიუხედავად კვლავ გაგრილების სისტემის გარეშე მოუწევთ. საპილოტე რეჟიმში გაგრილების სისტემა წელს მხოლოდ რუსთავის საგამოცდო ცენტრში დამონტაჟდა.

ამჟამად კი გამოცდების და შეფასების ეროვნული ცენტრი სასწრაფოდ ყიდულობს კონდიციონერებს.

როგორ აგვარებს განათლების სამინისტრო საგამოცდო ცენტრების გაგრილების პრობლემას

სიახლეები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

წელს აბიტურიენტებს რამდენიმე სიახლე ელით. კერძოდ, გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი აპლიკანტებს საშუალებას აძლევს გამოცდაზე, სურვილის შემთხვევაში, საკუთარი გელიანი (ტუშის) კალამი შეიტანონ. გასულ წლებში აბიტურიენტები გამოხატავდნენ უკმაყოფილებას ეროვნულ გამოცდებზე კალმების ხარისხთან დაკავშირებით და აცხადებდნენ, რომ გამოცდის დროს მათ მათი შეცვლა რამდენჯერმე უწევდათ. 

წელს კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ არჩევით საგნებში გამოცდა მხოლოდ ქართულ ენაზე ჩატარდება — აბიტურიენტები არჩევით გამოცდებზე ტესტირებას რუსულ ენაზე ვეღარ გაივლიან.

გამონაკლისია იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებმაც განათლება მიიღეს საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე — აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ისინი შერჩევით საგნებში გამოცდის ჩაბარებას რუსულ ენაზე შეძლებენ.

სპეციფიკიდან გამომდინარე ზოგად უნარებში გამოცდა ჩატარდება ქართულ, რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, აფხაზურ და ოსურ ენებზე.

საგამოცდო ცენტრებში სიგრილე იქნება: განათლების სამინისტრო კონდიციონერებს შეიძენს

ზოგად უნარებში ძირითადი სიახლე შეეხება ანალოგიების ბლოკს. ამიერიდან ის ტესტში წარმოდგენილი იქნება არა დამოუკიდებელი ბლოკის სახით, არამედ წაკითხული ტექსტის გააზრების დავალებათა ბლოკთან ერთად. ანალოგიები აიგება ტექსტში გამოყენებული სიტყვების მიხედვით.

იცვლება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე არგუმენტირებული ესეს შეფასების კრიტერიუმიც. აბიტურიენტმა ნამუშევარში გამოთქმული აზრის სასარგებლოდ ორი არგუმენტი მაინც უნდა მოიყვანოს და ამით მსჯელობის უნარი გამოავლინოს.

არგუმენტირებული ესეს შეფასების მაქსიმალური ქულა იქნება 24, ნაცვლად 20-სა.

თითოეული საგნის გამოცდაზე გასვლის ღირებულება 10 ლარია.