თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 1 ივლისს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგების შემდეგ აბიტურიენტები დალოცა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
„უპირველეს ყოვლისა, ვლოცავ აბიტურიენტებს, რომლებიც ხვალ აბარებენ გამოცდებს. ღმერთმა დაგლოცოთ და კარგი ნიშნები დაიწეროს“, – განაცხადა პატრიარქმა.
წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება და 26 ივლისს დასრულდება. გამოცდები 22 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება, მათ შორის არის სკოლები და უნივერსიტეტები, აქედან ყველაზე მეტი – 10 საგამოცდო ცენტრი თბილისშია.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის – 4500-ზე მეტი სტუდენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის – 12 300-ზე მეტი კანდიდატი, ხოლო მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისთვის – 21 ათასამდე აპლიკანტი.