რატომ არ აჯარიმებენ უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილებს

„საქართველოს გზებისა და ტრანსპორტის ასოციაციის" თავმჯდომარის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში გზებზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 520 ადამიანი დაიღუპა და 8 000-მდე დაშავდა.
Sputnik

ნატა პატარაია

„საქართველოს გზებისა და ტრანსპორტის ასოციაციის" თავმჯდომარე დავით მესხიშვილმა იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომლებიც უცხოელი მძღოლების მიერ მოძრაობის წესების დარღვევის შედეგად იქმნება. 

„საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილებს ვიდეოჯარიმები არ ეწერებათ“, — განუცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს გზებისა და ტრანსპორტის ასოციაციის" თავმჯდომარემ დავით მესხიშვილმა „Sputnik- საქართველოს“. 

ავტობუსებისა და სატვირთოების მძღოლებს მართვის უფლების ვადა უხანგრძლივდებათ

„პოლიციას მოძრავი რადარი  არა აქვს, არის მხოლოდ  სტაციონარული კამერები, რომლებიც უცხო სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილების მიერ  გზებზე მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტებს  პროგრამული ხარვეზების გამო ვერ აღრიცხავს“, — აღნიშნა დავით მესხიშვილმა.  

დავით მესხიშვილს თქმით, საქართველოში შემოსულმა  უცხოელმა მძღოლებმა ეს კარგად იციან და ცდილობენ გზა სწრაფად დაფარონ, შედეგად კი ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები, რომლებიც ზოგჯერ საბედისწეროდაც კი მთავრდება.

მესხიშვილის განმარტებით, დაუსჯელი რჩება ისეთი დარღვევები, როგორებიცაა, მაგალითად, სიჩქარის გადაჭარბება,  ორმაგი ხაზის გადაკვეთა და გასწრება, რომლებიც ძალიან მძიმე შედეგებს გვაძლევს. 

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც საპატრულო პოლიციის მხრიდან ყურადღება უნდა მიექცეს, უცხოურ ავტობუსებში და სატვირთო ავტომანქანებში დამონატაჟებული  ე.წ. ტაქოგრაფებია — სიჩქარის ჩამწერი მოწყობილობები, რომლებიც ასევე აჩვენებს, დაისვენა თუ არა მძღოლმა. 

„ეჭვი მაქვს, რომ ტაქოგრაფების სისტემა არ მოწმდება.  ჩვენი საპატრულო პოლიცია არ ინტერესდება, იცავენ თუ არა ისინი დასვენების რეჟიმს და ამის შედეგია ის ავტოსაგზაო შემთხვევები, რომელთა დროსაც მძღოლს ჩაეძინა“, — აღნიშნა ასოციაციის თავმჯდომარემ. 

მისი თქმით,  გზებზე მოძრაობის წესების დარღვევისთვის  უცხოური სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების დაჯარიმება ყველა ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა და ამ მხრივ გამონაკლისს არც საქართველო უნდა წარმოადგენდეს. 

მძღოლების საყურადღებოდ – რას შეამოწმებენ ავტომობილების ტექდათვალიერებისას

„საქართველოს გზებისა და ტრანსპორტის ასოციაციის" თავმჯდომარის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში გზებზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 520 ადამიანი დაიღუპა და 8 000-მდე დაშავდა. 

ის, რომ საქართველოს გზებზე დამონტაჟებული კამერები ტექნიკურად გაუმართავია ან საერთოდ არ მუშაობს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შემოწმების შემდეგ დაადგინა.

უწყების დასკვნის თანახმად, საქართველოს გზებზე დამონტაჟებული 1100 კამერიდან დიდი ნაწილი არ მუშაობს, იმ ვიდეოკამერებიდან კი, რომლებიც ჩართულია, გზების მხოლოდ მცირე ნაწილს აკონტროლებენ და პოლიციის ოპერაციების ცენტრს გზების ძირითადი ნაწილი უმეთვალყურეოდ რჩება.

იმისთვის, რომ შსს-მ სრულად გააკონტროლოს ქვეყნის ქუჩები, 3000 „ჭკვიანი კამერა“ სჭირდება, ჯერ მხოლოდ 100-მდე კამერაა ნაყიდი და დახარჯულია შვიდ მილიონ ლარზე მეტი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, პოლიცია სათანადოდ აღჭურვილი არ არის, არ აქვთ სიჩქარის მზომი რადარები,  ვერ ახდენენ დარღვევებზე ეფექტურ რეაგირებას და ხშირ შემთხვევაში კანონდამრღვევებს არ აჯარიმებენ.