პერსონალი გადამზადებულია – საქართველოში საბაგიროთი მგზავრობა უსაფრთხო იქნება

სწავლების კურსი 89 სპეციალისტმა გაიარა.
Sputnik

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოს სამთო კურორტების — ბაკურიანის, გუდაურის, სვანეთისა და გოდერძის საბაგირო გზებზე მომუშავე პერსონალმა გადამზადების კურსი გაიარა, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.

გუდაურში ახალი საბაგიროების მშენებლობისთვის 75 მილიონი ლარი გამოიყოფა

საუბარი ეხება მსოფლიოში ცნობილ ავსტრიულ-შვეიცარულ კომპანია „დოპელმაიერის" (Doppelmayr) ფირმის საბაგიროებს.

სამდღიანი სწავლების კურსი 89 ადამიანმა გაიარა. სწავლება ითვალისწინებდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს საბაგიროს უსაფრთხო მართვისა და ექსპლუატაციას საკითხებთან დაკავშირებით.

ტრენინგი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიას და „დოპელმაიერს" შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ჩატარდა.

რამ გამოიწვია გუდაურის საბაგიროზე ავარია: საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა>>>

„ჩვენ აღნიშნულ პროცესს მომავალშიც გავაგრძელებთ. ასევე დაგეგმილია ფრანგული კომპანია „პომას" მიერ წარმოებულ საბაგიროებზე მომუშავე თანამშრომლების გადამზადება სვანეთსა და გუდაურში. უკვე გადამზადდა "ლეიტნერის" ფირმის საბაგიროზე მომუშავე სპეციალისტები, რომლებიც ბაკურიანსა და სვანეთში საქმიანობენ", — განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა.

მისი სიტყვებით, პერსონალის მომზადება და გადამზადება ყოველწლიურად ხორციელდება არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპაში.

საბაგირო გზებზე უსაფრთხოების ზომების გამკაცრება აქტუალური 16 მარტს გუდაურში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გახდა — სისტემური გაუმართაობის გამო სავარძლების ნაწილი, რომლებშიც ტურისტები ისხდნენ, ქვედა სადგურისკენ უკუსვლით დაგორდა და ერთმანეთს შეეჯახა.

საბაგირო გზის რეკონსტრუქცია: რა სიახლეებს სთავაზობს აბასთუმანი დამსვენებლებს

გუდაურში საბაგიროზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავდა 11 ადამიანი, მათ შორის საქართველოს, უკრაინის, რუსეთისა და შვედეთის მოქალაქეები.

გუდაურში მომხდარ ავარიაზე დასკვნა ფრანგული საერთაშორისო კომპანია „ბიურო ვერიტასის" ექსპერტებმა მოამზადეს. ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერების წყალობით გაირკვა, რომ 16 მარტს ძაბვის ვარდნა მოხდა, რამაც საბაგიროზე ავარია გამოიწვია.

გამოძიების ინფორმაციით, ინციდენტის მიზეზი ოპერატორის დაუდევრობა გახდა, რომელმაც ძაბვის ვარდნის შემდეგ ინსტრუქციით არ იმოქმედა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ითვალისწინებს ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.