თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. მოკლული პანკისელი თემირლან მაჩალიკაშვილის მობილური ტელეფონის აშშ-ში ჩატარებულმა ექსპერტიზამ გამოავლინა ახალი დეტალები საქმეში, რომლებიც კვლავ მიუთითებს მის კავშირზე ტერორისტ ახმედ ჩატაევთან, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
„დაისაჯონ დამნაშავეები!“ — სუს-ის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა >>
თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თავისა და მხარის არეში დაიჭრა და 2018 წლის 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. სპეცოპერაციის მიზანი ცნობილი ტერორისტის ახმედ ჩატაევის თანამზრახველების დაკავება იყო. დღეისთვის ტერორისტებისთვის დახმარების ბრალდებით ექვსი ადამიანია დაკავებული — რუსლან ალდამოვი, ზურაბ გორნაკაშვილი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი, ზურაბ იდოიძე და ანატოლი ბერძენიშვილი.
ისინი დააკავეს ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შემდეგ, რომელიც თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე თითქმის ერთი დღე-ღამე, 2017 წლის 21-22 ნოემბერს მიმდინარეობდა.
Imedi-ს ინფორმაციით, როგორც კი ჩატაევმა საზღვარი გადმოკვეთა, თანამზრახველებმა მას მობილური ტელეფონი გადასცეს. სოფელ კირნათიდან მან რამდენიმე ზარი განახორციელა, მათ შორის მაჩალიკაშვილთან.
გამომავალი ზარების ამონაწერის მიხედვით, ჩატაევმა მაჩალიკაშვილს პირველად 2017 წლის 28 ოქტომბერს დაურეკა, ანუ იმავე დღეს, როდესაც უკანონოდ გადმოკვეთა თურქულ-ქართული საზღვარი.
მასალებში, რომელიც ჟურნალისტებს ხელში ჩაუვარდა, არსებობს მარგოშვილის ზარის აუდიოჩანაწერის ფრაგმენტი, სადაც ის სთოვს მაჩალიკაშვილს მიაწოდოს პირადი მონაცემები, რათა მის ანგარიშზე ფულადი თანხა გადაერიცხა.
მაჩალიკაშვილის მობილურ ტელეფონში არსებული ფოტოების თანახმად, ის ნაქირავებ ბინაში თბილისში, ვარკეთილის რაიონში ტერორიზმში ბრალდებულ შოიაფ ბორზიევთან და ასლანბეგ სოლთახმადოვთან ერთად ცხოვრობდა.
ტელეფონში ასევე იყო ბორზიევის ფოტო, სადაც ის „ისლამური სახელმწიფოს“ დროშის ფონზეა გადაღებული. გამოძიების მონაცემებით, ისინი ვარკეთილში ცხოვრობდნენ მანამდე, სანამდე არ გადავიდოდნენ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის ბინაში, სადაც ჩატაევის ლიკვიდაცია მოხდა.
ბინა ვარკეთილში ეკუთვნოდა მოქალაქე კოტე გუჯეჯიანს, რომელმაც დაადასტურა, რომ ბინა რიელტორის მეშვეობით გააქირავა, ხოლო ბინის ქირის საფასური მას სწორედ მაჩალიკაშვილმა გადასცა.
სპეცოპერაცია დასრულდა იბრაგიმ ადაშევისა და ასლანბეგ სოლტახმადოვის ლიკვიდაციით, ჩატაევმა კი თავი აიფეთქა. დაჯგუფების კიდევ ერთი წევრი შოაიპ ბორზიევი სპეცოპერაციის დასაწყისში დააკავეს.
რაც შეეხება მაჩალიკაშვილს, სპეცრაზმმა მისი მისამართით სროლა მას შემდეგ დაიწყო, როდესაც შენიშნა, რომ ის ხელყუმბარის აფეთქებას ცდილობდა, ამტკიცებს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში. ოჯახი კი აცხადებს, რომ ის უდანაშაულოა და სპეცრაზმელების დასჯას მოითხოვს.