თბილისში ბალეტის საერთაშორისო ფესტივალი იწყება

პრიმა ბალერინას ნინო ანანიაშვილს „რომეო და ჯულიეტაში“ პარტნიორობას ამერიკული ბალეტის ვარსკვლავი მარსელო გომესი გაუწევს
Sputnik

თბილისი, 23 ივნისი— Sputnik. 23 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში თბილისის ბალეტის ფესტივალი გაიმართება, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

Tbilisi Open Air 2018 – ფესტივალზე დასწრების მსურველებს უფასო ავტობუსები მოემსახურება >>

ღონისძიების შესახებ ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, ჰოლანდიის ელჩმა საქართველოში იოს დაუმამ, ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ბადრი მაისურაძემ, საბალეტო დასის ხელმძღვანელმა და ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნინო ანანიაშვილიმა, თბილისის მერის მოადგილემ სოფო ხუნწარიამ, საზოგადოებას პრესკონფერენციაზე გააცნეს.

საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი თბილისში 2017 წელს დაფუძნდა. წელს ფესტივალი მეორედ ტარდება. საბალეტო ფესტივალში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასთან და ორკესტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები და მსოფლიოში სახელგანთქმული საბალეტო დასები: Spellbound Contemporary Ballet (იტალია), ნიდერლანდების ცეკვის თეატრი 2 (NDT 2). სპექტაკლები თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება.

ჩიკაგოს ბლუზის დედოფალი კახეთში ფესტივალს გახსნის

თბილისში ჩამოდის ასევე ამერიკული ბალეტის ვარსკვლავი მარსელო გომესი, იგი 26 ივნისს „რომეო და ჯულიეტაში“ პარტნიორობას გაუწევს პრიმა ბალერინას ნინო ანანიაშვილს. 

თბილისში პირველად ჩამოდის Spellbound Contemporary Ballet იტალიიდან. მათ პროგრამაშია მაურო ასტოლფის ქორეოგრაფია — Formami და Rossini Ouvertures. იტალიური დასის წარმოდგენებს მაყურებელი 23-24 ივნისს ნახავს ცნობილი ფრანგი ქორეოგრაფის მედი ვალერსკის ბალეტებთან Orawa და Petite Cérémonie ერთად.

საქართველოს მეორედ ეწვევა ნიდერლანდების ცეკვის თეატრი 2 (NDT 2), რომელიც მაყურებლის წინაშე 28 და 29 ივნისს ორი განსხვავებული პროგრამით წარსდგება. ფესტივალს კი დახურავს „მძინარე მზეთუნახავი“. გალა-პერფორმანსში თბილისის ოპერისა და ბალეტის საბალეტო დასთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ მარსელო გომესი და პარიზის ნაციონალური ბალეტის სოლისტები ამანდინ ალბისონი, ჟერემი ლუ კერი.

რუსთაველის თეატრი მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო თეატრალურ ფესტივალში "ასტანა" >>

სპექტაკლებს უდირიჟორებს ალევტინა იოფე.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან TBC ბანკი და CHECK IN GEORGIA; კულტურის და სპორტის სამინისტრო, თბილისის მერია, იტალიის რესპუბლიკისა და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოები საქართველოში, იტალიის ავტორთა და გამომცემელთა საზოგადოება (SIAE), იტალიის კულტურული მემკვიდრეობის სამინისტრო (MiBACT), ქართული ბალეტის მეგობართა საზოგადოება, ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია, რუმს ჰოტელ თბილისი, თურქეთის ავიახაზები, კომპანია „ბორჯომი“, რადიო „იმედი“, რადიო „ფორტუნა“, ჟურნალი „ინდიგო“, გაზეთი „ჯორჯია თუდეი“.

ფესტივალის დამფუძნებელია თბილისის ოპერისა და ბალეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი.

რატომ არ მოეწონა გორის მერს სამეფო უბნის თეატრის სპექტაკლი

ორგანიზატორების მთავარი ამოცანაა საბალეტო ხელოვნების პოპულარიზაცია და უცხოელებისთვის ქართული ბალეტის გაცნობა. ფესტივალის ჩატარების დრო შემთხვევით არაა შერჩეული — ის ტურისტულ სეზონს ემთხვევა.

ფესტივალი ტარდება სამთავრობო პროექტის Check in Georgia ფარგლებში.