რუსთაველის თეატრი მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო თეატრალურ ფესტივალში "ასტანა"

© photo: Sputnikრუსთაველის თეატრის მაყურებელთა დარბაზი
რუსთაველის თეატრის მაყურებელთა დარბაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული დასი ყაზახეთის ორ ქალაქში წარმოადგენს სპექტაკლს „დაკანონებული უკანონობა".

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის აკადემიური დრამატული თეატრი მსოფლიო თეატრალურ ფესტივალზე „ასტანა" გამოვა, რომელიც ყაზახეთის დედაქალაქში 16-29 ივნისის პერიოდში მიმდინარეობს, ნათქვამია თეატრის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ქართული თეატრი წარადგენს სპექტაკლს „დაკანონებული უკანონობა", რომელიც ბერტოლდ ბრეხტის მიხედვით რობერტ სტურუამ დადგა. სცენარის ავტორები არიან რობერტ სტურუა, ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე და ნინო კანტიძე. სპექტაკლში ჟღერს ბახის, ბეთჰოვენის, მოცარტის, ვერდის, ვაგნერის, შოპენის, ლისტის, შუბერტის და გია ყანჩელის მუსიკა.

რუსთაველის თეატრი - Sputnik საქართველო
ექსპერიმენტები სცენაზე: რუსთაველის თეატრი 24–საათიან ფესტივალს დაეთმობა

პიესა, რომელიც ბერტოლდ ბრეხტმა 1930 წელს დაწერა, შესანიშნავად ასახავს თანამედროვე მსოფლიოს პრობლემებს. რუსთაველის თეატრი ბრეხტის ნაწარმოების საკუთარ ვერსიას წარმოგიდგენთ. უდაბნოში ნავთობის დიდი საბადო აღმოაჩინეს. საბადოს ხელში ჩასაგდებად რამდენიმე ექსპედიცია მიემართება. მარათონში მონაწილეობს ნავთობის უდიდესი კომპანიის მფლობელი კარლ ლანგმანი. იგი გამყოლთან და მუშასთან ერთად შეუდგება ამ რთულ გზას. უდაბნოში თანდათან იძაბება ურთიერთობა პატრონსა და დაქირავებულებს შორის. ეჭვითა და შიშით შეპყრობილი ლანგმანი ჯერ გამყოლს დაითხოვს, რათა თავი აარიდოს მოსალოდნელ შეთქმულებას, შემდეგ კი, როცა მკაცრი უდაბნოს პირისპირ ორნი დარჩებიან, გზაარეული, უწყლობითა და მწველი მზით გათანგული ლანგმანი მუშას მოკლავს. იმართება სასამართლო. დაქვრივებული ქალი ქმრის მკვლელის დასჯას მოითხოვს, მაგრამ რას გადაწყვეტს მოსამართლე? უკანონობას ხომ კანონი იცავს, აღნიშნულია თეატრის ანოტაციაში.

მარჯანიშვილის თეატრი - Sputnik საქართველო
მარჯანიშვილის თეატრი კიევში AndrivivskyFest-ზე გამოვა

რუსთაველის თეატრის დასი ამ სპექტაკლით 23 და 24 ივნისს ყაზახეთის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე გამოვა ალმათში, ასტანაში კი ფესტივალის სტუმრები წარმოდგენას 27 ივნისს იხილავენ.

ფესტივალი „ასტანა" ყაზახეთის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კულტურული პროექტია, რომელიც უკვე მეორე წელია ყველაზე საინტერესო თეატრებს კრებს მთელი მსოფლიოდან.

წელს ფესტივალი წარმოადგენს ყაზახეთის, ევროპისა და აზიის ქვეყნების პროფესიულ დასებს. ფესტივალის სტუმარია ცნობილი ფრანგი მსახიობი, ოსკარის მფლობელი ჟულიეტ ბინოში. ის წარმოადგენს მასტერ-კლასს და შემოქმედებით საღამოს მონოსპექტაკლის ფორმატში Des mots pour le dire.

ყველა ახალი ამბავი
0