მეტროში ჭერის ჩამონგრევა: პროკურატურამ დამნაშავეები გამოავლინა

გამოძიებამ ხუთი თვის შემდეგ მეტროში ჭერის ჩამონგრევის საქმე გახსნა
Sputnik

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის საქმის გამოძიების ფარგლებში პარასკევს წარუდგინა ბრალდება იმ კომპანიების ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს, რომლებიც სადგურის რემონტს ახორციელებდნენ, ნათქვამია პროკურატურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ხარისხი უპირველეს ყოვლისა — კალაძემ თანამშრომლებს ყურადღებისკენ მოუწოდა >>

2018 წლის იანვარში მეტროსადგურ „ვარკეთილში“ შეკიდული ჭერი ჩამოინგრა, შედეგად კი 11 ადამიანი დაშავდა.

შპს „გეომეფის“ აღმასრულებელ დირექტორს, ასევე შპს „ყვარელმშენის“ მენეჯერსა და მთავარ ინჟინერს წარედგინა სამსახურებრივი გულგრილობის, ყალბი დოკუმენტების დამზადების და უსაფრთხოების მოთხოვნებისადმი შეუსაბამო სამუშაოების შესრულების ბრალდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

რატომ გაათავისუფლა კალაძემ თანამშრომლები

მთავარი პროკურატურა მოითხოვს თითოეული მათგანი 50 000 ლარის ოდენობის გირაოს საფუძველზე გათავისუფლდეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2015 წლის 13 ოქტომბერს, სარემონტო სამუშაოების პროექტის მომზადების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შპს „გეომეფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“  წარადგინა მის მიერვე გაყალბებული და სარემონტო სამუშაოების უხარისხო  პროექტი.  

2016 წლის 28 სექტემბერს სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა  შპს,,ყვარელრემმშენმა“, რომელმაც ეს სამუშაოები განახორციელა კიდეც. 

სარემონტო სამუშაოების პროცესში, შპს „გეომეფი“ ვალდებული იყო, შეემოწმებინა მეტროსადგურის ქვედა ვესტიბიულში ჭერზე არსებული ანკერების მზიდუნარიანობა და გაეცა შესაბამისი საექსპერტო დასკვნა. აღნიშნულის გამო, სამუშაოები დროებით შეჩერდა.

გამოძიების მონაცემებით, „გეომეფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ყალბი კონსტრუქციული დასკვნა შეადგინა, რომელსაც პროექტის კონსტრუქტორის ნაცვლად,  თვითონ მოაწერა ხელი, შემდეგ კი აღნიშნული დასკვნა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ სამშენებლო სამსახურში წარადგინა.

შემთხვევა მეტროში — მერია კონტროლს გაამკაცრებს >>

ამგვარად, პროკურორები დარწმუნებულნი არიან, რომ შპს „გეომეფის“ დირექტორმა არაჯეროვნად შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა და არ გაუწია პროექტს სათანადო საავტორო ზედამხედველობა. მის მიერვე შედგა მომხმარებლის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამო პროექტი და ასევე კონსტრუქციული დასკვნა, სადაც არ იქნა გათვალისწინებული ჭერზე უარყოფითი ფაქტორებით გამოწვეული დამატებითი დატვირთვები — მატარებლის მოძრაობით, სავენტილაციო ჰაერის მიმოქცევით გამოწვეული ქარის წნევა და სხვა.

სარემონტო კომპანიის უფროსის გამოკითხვა: ვინ არის დამნაშავე მეტროში ჭერის ჩამონგრევაში >>

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ  შპს „ყვარელრემმშენის“ მენეჯერმა არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა და არ აწარმოა შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი. ამავდროულად მისი და შპს „ყვარელრემმშენის“ მთავარი ინჟინრის მონაწილეობით, მეტროსადგურ „ვარკეთილში“, შეკიდული ჭერის მონტაჟი განხორციელდა პროექტის გარეშე და ამავე დროს უხარისხოდ, რის გამოც, 2018 წლის 30 იანვარს მეტროსადგურ „ვარკეთილის" ქვედა ვესტიბულში ეს ჭერი ჩამოინგრა. დაშავდნენ ადამიანები, ხოლო სახელმწიფომ მატერიალური ზიანი მიიღო.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომელთა მიმართ „სამსახურეობრივი გულგრილობის“ მუხლით ცალკე გამოძიება მიმდინარეობს.