რეგულაციები არ იქნება! – კალაძემ ქუჩის მუსიკოსებს მწვანე აუნთო

ქალაქის მერი ქუჩის მუსიკოსების მხარდაჭერასა და თანადგომას გეგმავს.
Sputnik

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქუჩის მუსიკოსების მიმართ შეიძლება რაიმე სახის რეგულაციები დაწესდეს.

ქართულმა მასმედიამ სააგენტო InterpressNews-ზე დაყრდნობით გაავრცელა „ღამის ეკონომიკის" განვითარების პროექტის ხელმძღვანელის სერგი გვარჯალაძის ინტერვიუდან ამონარიდი. გვარჯალაძის სიტყვებით, ქუჩაში ძალზე ნიჭიერი მომღერლები დგანან, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც მუსიკოსები არ არიან და ისე მღერიან, რომ „არა მარტო ჩვენი მოქალაქეების ყურს ჭრის, არამედ ტურისტებზე არასასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენს". „ალბათ ქუჩის მუსიკოსებს დოკუმენტი დასჭირდებათ, რომელიც მათ ქუჩაში დაკვრის უფლებას მისცემს", — ციტირებს სააგენტო გვარჯალაძეს.

ვარკეთილში ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტი იწყება

„ქუჩის მუსიკოსებისთვის არანაირი სანქციები არ წესდება, პირიქით, ქუჩის მუსიკოსებს ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა ექნებათ. ჩვენ ვცდილობთ ამ ადამიანების დახმარებასა და თანადგომას. საინტერესო პროექტებზე ვმუშაობთ, გვინდა გავმართოთ ფესტივალი", — განაცხადა კალაძემ.

15 წლის გარემოვაჭრე გიგი ანთაძეს თბილისის მერია ჯიხურს ჩუქნის>>>

ამ მიმართულებით ბევრი ნიჭიერი ადამიანია, რომლებსაც წარმატების მისაღწევად მხარდაჭერა სჭირდებათ, დასძინა მან.

ქალაქის მერმა მაგალითად ცნობილი ჯგუფი „ბანი" მოიყვანა.

„ისინი უკრავდნენ მიწისქვეშა გადასასვლელში, როცა მე მილანში ვიყავი და ფეხბურთს ვთამაშობდი. სრულიად შემთხვევით youtube-ზე მათი სიმღერა ვნახე და იმდენად მომეწონა, რომ მათ შევხვდი და ყველანაირი დახმარება აღმოვუჩინე. დღეს ისინი ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან. ამ ადამიანებს სჭირდებათ დახმარება, მხარდაჭერა და ჩვენი მხრიდან მაქსიმალური ყურადღება იქნება, რათა ეს მიმართულება გაუმჯობესდეს", — აღნიშნა კალაძემ.

Street Art: ბარათაშვილის მიწისქვეშა გადასასვლელში კედლების მოხატვა დასრულდა

ჯგუფი "ბანი" 2011 წელს შეიქმნა. კოლექტივი "ქუჩაში დაიბადა" — პირველი ნახევარი წლის განმავლობაში მუსიკოსები ქართულ ფოლკლორულ მუსიკას მიწისქვეშა გადასასვლელებში ასრულებდნენ, საიდანაც მალე ქართული რესტორნების სცენებზე გადაინაცვლეს. ამ პერიოდში დაიბადა მათი პირველი ჰიტი — სიმღერა "რაჭული", რომელმაც ჯგუფს დიდი პოპულარობა მოუტანა. ახლა ჯგუფი მხოფლიოს ბევრ ქვეყანაში მართავს კონცერტებს.

ამჟამად ჯგუფის რეპერტუარში 30-ზე მეტი სიმღერაა და მისი მუსიკა არა მხოლოდ საქართველოშია პოპულარული. ქართველი შემსრულებლების სიმღერებმა ნამდვილ გრძნობებზე, მტკიცე მეგობრობასა და სამშობლოს სიყვარულზე მთელ მსოფლიოში ათასობით თაყვანისმცემელი მოხიბლა.