თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ჭაბუა ამირეჯიბის განთქმული რომანი „დათა თუთაშხია“ გერმანულ ენაზე გამოიცემა, იუწყებიან ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრში.
წიგნს გერმანული გამომცემლობა Alfred Kröner Verlag ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გამოსცემს. რომანის თარგმნას გერმანელი მთარგმნელი კრისტიან ლიხტენფელდი შეუდგა.
1973—1975 წლებში დაწერილ ეპიკურ ისტორიულ რომანში რევოლუციამდელი ქართული საზოგადოებაა აღწერილი. ქართული წარმართული მითოლოგიური გმირის თუთაშხას სახელის მატარებელი მთავარი გმირის მიზანს ბოროტების ამოძირკვა წარმოადგენს, რასაც კანონთან და სახელმწიფოსთან კონფლიქტამდე მიჰყავს და აბრაგად აქცევს. რომანი საქართველოსა და რუსეთში არაერთხელ გამოიცა და რამდენიმე ევროპულ ენაზეც ითარგმნა. 1997 წელს რომანის მოტივებზე გადაღებულია მრავალსერიანი ფილმი „დათა თუთაშხია“. დათა თუთაშხიას როლი ცნობილმა ქართველმა მსახიობმა ოთარ მეღვინეთუხუცემა შეასრულა.
ჭაბუა ამირეჯიბი 1921 წელს დაიბადა. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებებია: „დათა თუთაშხია”, „გორა მბორგალი”, „გიორგი ბრწყინვალე”. ამირეჯიბი არის სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი. დაიბადა თბილისში, ძველი თავადური გვარის ოჯახში. არაერთხელ დაადანაშაულეს ანტისაბჭოურ საქმიანობაში და დააპატიმრეს.
2010 წლის ოქტომბერში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს კურთხევით ჭაბუა ამირეჯიბი ბერად აღიკვეცა. წმინდა სინოდმა 89 წლის მწერალს გამონაკლისის სახით ნება დართო მონასტრის ნაცვლად საკუთარ სახლში ეცხოვრა, რადგან მწერალს დიდი ხნის მანძილზე მეტყველება ჰქონდა წართმეული და ავადმყოფობდა. ბერად ყოფნისას ჭაბუა ამირეჯიბმა სახელი დავითი დაირქვა.
ცხოვრება ჭეშმარიტების ძიებასა და მიგნებაში >>
ჭაბუა ამირეჯიბი 2013 წლის დეკემბერში გარდაიცვალა. ის მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.