თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ბესო ქათამაძემ ტვინის შერყევა მიიღო — მას საკრებულოს ერთ-ერთ კაბინეტში სცემეს, იუწყება ტელეარხი Rustavi2.
ქათამაძე ამტკიცებს, რომ დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ საკრებულოს შენობაში ის ერთ-ერთ კაბინეტში შეიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. შედეგად მას ტვინის შერყევა და რამდენიმე ჭრილობა აღენიშნება.
აღნიშნულ ფაქტზე პოლიციამ „ძალადობის“ მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მმართველი პარტიის ხხუთი დეპუტატი დაკითხვაზე დაიბარეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ ემუქრებათ სასჯელი ჯარიმის სახით ან საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა 20-დან 40 საათამდე ვადით, ანდა 6 თვიდან ერთ წლამდე შინაპატიმრობა ანდა ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა.
თავად ქათამაძე საავადმყოფოშია, ექიმების განმარტებით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ამასთან, ოზურგეთში ჩავიდა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია. მასსა და მმართველი პარტიის მომხრეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგად ბესო ქათამაძის ერთ-ერთი მხარდამჭერი დააკავეს. ის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც სოფელ ნასაკირალის მცხოვრებლებიც მივიდნენ და დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ.