თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. საკონტროლო–გამშვები პუნქტი „წითელი ხიდიდან“ „სარფის“ საბაჟომდე გადაადგილების დრო ოთხ საათამდე შემცირდება, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ქარსელაძემ.
სარალიძემ ქვეყანაში დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნო.
„შემცირდება კორიდორის მთლიანი სიგრძე და გადაადგილების დრო. თუ დღეს 7-8 საათია საჭირო „წითელი ხიდიდან“ „სარფამდე“ მონაკვეთის დასაფარად, ეს 4-4,5 საათამდე შემცირდება. ასევე, გაიზრდება გადაადგილების სიჩქარე რიგ მონაკვეთებში 80–100%–ით გაიზრდება, ფაქტობრივად, გაორმაგდება“, – აღნიშნა ქარსელაძემ.
კვირიკაშვილი: კახეთს აეროპორტი და რკინიგზა სჭირდება>>>
მისი სიტყვებით, ახლო მომავალში სამინისტრო გეგმავს აღმოსავლეთ–დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ რიკოთის უღელტეხილზე სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერის გამოცხადებას. ასევე ცვლილებებია დაგეგმილი ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთზე, რომელიც გახდება საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ავტომაგისტრალის ნაწილი.
რიკოთის უღელტეხილზე დაგეგმილია 50 კილომეტრი გზის მშენებლობა, რომელზეც იქნება 96 ხიდი და 53 გვირაბი.
რაც შეეხება ქვეშეთი–კობს, იქ დაგეგმილია 22,7 –კილომეტრიანი გზის მშენებლობა, რომელზეც იქნება ექვსი ხიდი და ხუთი გვირაბი. ერთ–ერთი 9–კილომეტრიანი გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბი იქნება.
აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად მთლიანობაში დაახლოებით ორი მილიონი აშშ დოლარია განსაზღვრული.