ვინ გახდება საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ქართულ მედიაში ახალი პრემიერის სამი სავარაუდო კანდიდატი სახელდება
Sputnik

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციებს ხუთშაბათს გამართავს, განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეარხ Imedi-ის ეთერში.

საყვარელიძე: კვირიკაშვილის შემცვლელი შეიძლება სრულიად მოულოდნელი ახალი ფიგურა იყოს >>

კვირიკაშვილმა დაკავებული თანამდებობა ყველასათვის მოულოდნელად ოთხშაბათს დატოვა. თავისი გადადგომა კი მასსა და „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ მმართველ გუნდს შორის გარკვეულ ფუნდამენტურ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობით ახსნა. კვირიკაშვილი მთავრობას სათავეში 2015 წლის დეკემბერში ჩაუდგა.

კვირიკაშვილმა პრემიერის პოსტიდან წასვლის მიზეზები განმარტა

„ხვალ აუცილებლად იქნება უმრავლესობის შეხვედრა, სადაც მოხდება განხილვა და აუცილებლად იქნება წარმოდგენილი კანდიდატი“, — განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ამჟამად პრემიერ-მინისტრის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი შეიძლება დაიკავოს ფინანსთა მინისტრის ამჟამინდელი მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ბახტაძემ, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება ტელეარხი Rustavi2

ხოლო ტელეარხი TV Pirveli ამტკიცებს, რომ პრემიერის პოსტზე შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გახარია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მაია ცქიტიშვილი განიხილებიან.

კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ, კონსტიტუციის თანახმად, მთავრობა მთლიანი შემადგენლობით ავტომატურად გადადგა.

ბახტაძე ფინანსთა მინისტრი 2017 წლის ნოემბერში გახდა, მანამდე კი სს „საქართველოს რკინიგზას“ ხელმძღვანელობდა.

გახარია 2017 წლის ნოემბერში შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა, მანამდე კი ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტს იკავებდა.

მამუკა მდინარაძე: გუნდს სჭირდება ახალი ენერგია, ახალი სისხლი >>

რაც შეეხება მაია ცქიტიშვილს, ის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სათავეში 2018 წლის მარტში ჩაუდგა. მანამდე, 2012 წლიდან, ის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.

პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას დანიშვნა გამორიცხა და განაცხადა, რომ მისი რეიტინგი დაეცა. ამავე დროს ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ცქიტიშვილი მთავრობაში საკუთარ თანამდებობას შეინარჩუნებს.