თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ფორვარდი ნიკა კაჭარავა პოლონეთის „კორონადან“ კვიპროსის „ანორტოსისში“ გადავიდა, ნათქვამია ფამაგუსტას კლუბის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
24 წლის ფეხბურთელსა და „ანორტოსის“ შორის დადებული ხელშეკრულება ორწლიანია და ძალაში 2 ივლისს შევა. გარიგების ფინანსური მხარე არ ხმაურდება.
სად სთხოვა ასვლა ერდოღანმა ძმებ არველაძეებს >>
„კორონას“ შემადგენლობაში კაჭარავა გასული წლის ივლისიდან გამოდიოდა. გასულ სეზონზე ქართველმა თავდამსხმელმა პოლონურ გუნდთან ერთად ყველა ტურნირში 29 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
რაც შეეხება „ანორტოსისს“, ეროვნული პირველობის შედეგების მიხედვით გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა და მომავალი სეზონის უეფას ევროპის ლიგაში გამოსვლის უფლება მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ კაჭარავა კვიპროსის ჩემპიონატში ადრეც ასპარეზობდა. 2016/2017 სეზონზე ფორვარდი „ეთნიკოსის“ ღირსებას იცავდა, 27 მატჩში 16 გოლი გაიტანა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში კაჭარავამ 12 მატჩი ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა.