თბილისში სატრანსპორტო კოლაფსია – მეტრო მეორე დღეა გაფიცულია

მეტროს მემანქანეების ძირითადი მოთხოვნა ხელფასების 45%-ით მომატებაა. მერიის ინფორმაციით, ინსტრუქტორ-მემანქანის ყოველთვიური ხელფასი 2,1 ათასი ლარს აღემატება, მემანქანის - 1,8 ათას ლარზე მეტს.
Sputnik

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. თბილისის მერ კახა კალაძესა და მეტროპოლიტენის გაფიცულ მემანქანეებს შორის გუშინ გამართული ორივე შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

თბილისში უკვე მეორე დღეა მეტროს ყველა სადგური დაკეტილია, რამაც ქალაქში სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია — გაუსაძლისი საცობები გზებზე, ტაქსის გასამმაგებული ფასები და მგზავრებით გადაჭედილი საზოგადოებრივი ტრანსპორტი. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, გაფიცვის გამო მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს უფასოდ ემსახურებიან.

„ეს საბოტაჟია“ — თბილისელები მეტროს გაფიცვამ აღაშფოთა>>>

„მზადყოფნა იყო გამოხატული იმისთვის, რომ გადადგმულიყო ყველა აუცილებელი ნაბიჯი, რათა მეტრომ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ფუნქციონირება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთმანეთის მდგომარეობაში შევედით, აღნიშნულ შემთხვევაში ისეთი გადაწყვეტილები მივიღეთ, რომელიც პირველ რიგში აუცილებელია ქალაქისა და დედაქალაქის მოსახლეობისთვის", — განაცხადა ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.

მეტროს მემანქანეები: დავიშლებით დღესვე, თუ 1500 ლარამდე გაგვიზრდიან ხელფასს

მეტროს მემანქანეები 4 ივნისის დილიდან გაიფიცნენ. ისინი აქციას გლდანის დეპოს ტერიტორიაზე მართავენ. აქციის ორგანიზატორი მეტროპოლიტენის მემანქანეების პროფკავშირები „ერთობა 2013"-ია. პროფკავშირების მონაცემებით, გაფიცვაში დაახლოებით 500 ადამიანი მონაწილეობს, მათგან 140-მა შიმშილობა დაიწყო.

მეტროს მემანქანეების ძირითადი მოთხოვნა ხელფასების 45%-ით მომატებაა. როგორც ისინი აცხადებენ, მათი ხელფასები 2013 წლიდან არ გაზრდილა. მერიის ინფორმაციით, ინსტრუქტორ-მემანქანის ყოველთვიური ხელფასი 2,1 ათასი ლარს აღემატება, მემანქანის — 1,8 ათას ლარზე მეტს, თუმცა მემანქანეები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

კალაძე გაფიცულ მემანქანეებს პირველად თბილისის მერიის შენობაში შეხვდა, თუმცა შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ამის შემდეგ თბილისის მერი გვიან ღამით გლდანის დეპოსთან გაფიცული მემანქანეების აქციაზე მივიდა.

გლდანის დეპოს ტერიტორიაზე გამართული შეხვედრაც კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა — მეტროს მემანქანეებმა მერთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათი თქმით, კახა კალაძემ პოზიცია არ შეცვალა და მხოლოდ იმის პირობა დადო, რომ მათი მოთხოვნების განხილვას 2019 წლიდან დაიწყებდა, მიზეზად კი ბიუჯეტში საკმარისი თანხის არარსებობა დაასახელა.

მერია მეტროს მემანქანეებს: ამას მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში" აცხადებენ, რომ ვიდრე მეტროს მუშაობა არ აღდგება, თბილისის მასშტაბით ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება. ასევე დამატებულია ავტობუსები, თუმცა მგზავრთა დიდი ნაკადის გამო მოქალაქეებს გადაადგილება უჭირთ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მეტროპოლიტენის მემანქანეების პროფკავშირების „ერთობა 2013" წევრებს ერთი თვის წინ განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდა გაფიცვაში მონაწილეობის მიღების უფლება. შესაბამისი მოთხოვნა სასამართლოში „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ" შეიტანა.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში" 6,3 ათსამდე ადამიანია დასაქმებული, მათგან 240 ადამიანი მეტროს მემანქანეა.