მოზარდების მკვლელობის საქმეზე შსს-ში ექვსი მოწმე დაიკითხა

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმეში ახალი გარემოებები იკვეთება
Sputnik

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეში მოწმეთა დაკითხვის შემდეგ გამოძიებისთვის ახალი დეტალები გახდა ცნობილი, განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

„დარწმუნებული ვარ, კიდევ მეტი დეტალი გახდება ცნობილი. ეს დამოკიდებულია დროსა და საგამოძიებო მოქმედებებზე, რომელთაც უახლოეს მომავალში განვახორციელებთ“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

საზოგადოება სისტემის წინააღმდეგ: აქცია რუსთაველზე

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე პროკურატურიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შემდეგ დაბრუნდა. 

სამართალდამცველებმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ის დამატებითი გარემოებები უნდა დაადგინონ, რომლებიც სასამართლოში საქმის განხილვისას გამოიკვეთა.

ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, სამართალდამცველები  სისხლის სამართლის საქმეს დანაშულის შეუტყობინებლობისა და მოწმეებზე ზემოქმედების მიმართულებით იძიებენ. 

სამართალდამცველებმა დღეს დაკითხეს სისხლიანი გარჩევის ხუთი არასრულწლოვანი მოწმე და სკოლის ერთი პედაგოგი.

ზაზა სარალიძე: „დღეს არა...“

„ნებისმიერი ადამიანის მიმართ დავიწყებთ სისხლის სამართლებრივ დევნას დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, თუ დავუდასტურებთ, რომ ის დანაშაულის შესახებ ფლობს ინფორმაციას და ეს ინფორმაცია არ მიაწოდა საგამოძიებო დანაყოფს»-განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

რაც შეეხება პროკურატურის ყოფილ თანამშრომელს მირზა სუბელიანს, რომლის შვილიც თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმეა, ვლადიმერ ბორცვაძის თქმით გამოძიებას მასთან ჰქონდა კითხვები და მომავალშიც გაუჩნდება.

მირზა სუბელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში გუშინ დაკითხეს. ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე მირზა სუბელიანს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს.

„თუ შევაგროვებთ სათანადო მტკიცებულებებს კონკრეტული პირის მიმართ, დავაკმაყოფილებთ იმ სტანდარტს, რომელიც აუცილებელია ბრალდების წარსადგენად, გარანტიას გაძლევთ, ყველა იმ პირის მიმართ, რომელსაც დავუდასტურებთ, რომ დანაშაული ჩაიდინა, დავიწყებთ სისხლის სამართლებრივ დევნას“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, უწყება არ დაზოგავს რესურსებს, იმუშავებს 24 საათიან რეჟიმში და მაქსიმალურად შეეცდება გასცეს პასუხი იმ კითხვებს, რაც დაზარალებულთ ოჯახებს გააჩნიათ.

დადუნაშვილი: რევოლუცია არ მინდა, მინდა, ჩემი შვილის მკვლელი დაისაჯოს

პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მესამე დღეა მართავს. აქციაზე მისული მოქალაქეები უკმაყოფილო არიან მკვლელობის საქმეზე პროკურატურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო ქმედებებით და შესაბამისად, სასამართლოს მიერ გამოცხადებული განაჩენით. ისინი დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ყველა დამნაშავე პირის და დამნაშავეების მფარველების დასჯას მოითხოვენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს 10 წელი და 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს — 9 წელი და 9 თვე.