გიორგი გახარია მზადაა ზაზა სარალიძეს შეხვდეს

შსს-ში გამოძიება ორი მიმართულებით მიმდინარეობს: მოწმეზე ზემოქმედების ნაწილში და მეორე, შეუტყობინებლობის ნაწილში.
Sputnik

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამას შეხვდა, იუწყება სამინისტროს პრესსამსახური.

გიორგი გახარიამ დავით დადუნაშვილს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„გიორგი გახარია მზად არის, უპირობოდ შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სალარიძის მამას — ზაზა სალარიძეს და მიმდინარე საქმის დეტალები გააცნოს“, — აღნიშნულია სამინისტროს ვებგვერდზე.

შეხვედრას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატი ხათუნა მაღლაკელიძე დაესწრნენ. 

ხათუნა მაღლაკელიძის განცხადებით, გიორგი გახარიასთან შეხვედრის სურვილი თავად დავით დადუნაშვილმა გამოთქვა. მისი თქმით, მათ მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შსს-ში გამოძიება ორი მიმართულებით მიმდინარეობს.

„ჩვენ არავის დავუბარებივართ, დავით დადუნაშვილს თვითონ ჰქონდა სურვილი მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის და მიეღო პასუხები იმაზე, რაც თვითონაც გაუჩნდა ამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ. ჩვენ მივიღეთ პასუხი იმაზე, რომ ორი მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება: ერთი, მოწმეზე ზემოქმედების ნაწილში და მეორე, შეუტყობინებლობის ნაწილში. როგორც გვითხრეს, ამ საქმეთა გამოძიება გაერთიანდება და დაიკითხებიან მოწმეები, რომლებიც იყვნენ შემთხვევის თვითმხილველები. უახლოეს პერიოდში გარკვეულ შედეგებს უნდა ველოდოთ“, — განაცხადა ხათუნა მაღლაკელიძემ ტელეკომპანია „იმედის“ (Imedi) ეთერში.

დადუნაშვილი: რევოლუცია არ მინდა, მინდა, ჩემი შვილის მკვლელი დაისაჯოს

ადვოკატის თქმით, მართალია დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გამოვლენილია, დავით დადუნაშვილის სურვილია თანადგომა გამოუცხადოს ზაზა სარალიძეს და მისი შვილის მკვლელების გამოსავლენად იგივე გააკეთოს, რასაც გააკეთებდა თავისი შვილის შემთხვევაში.

ლევან დადუნაშვილის მამა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, რომელსაც მეორე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე მართავს, გუშინ მივიდა. 

აქციაზე მან თანადგომა გამოუცხადა ზაზა სარალიძეს და  მოუწოდა სისხლიან გარჩევაში მონაწილე მოზარდების მშობლებს, რომ გამოიყვანონ თავიანთი შვილები და სწორი ჩვენება მისცენ.

შსს–ს სპეციალური განცხადება: ზაზა სარალიძის წინააღმდეგ მოსალოდნელია პროვოკაციები

პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მართავს. აქციაზე მისული მოქალაქეები უკმაყოფილო არიან მკვლელობის საქმეზე პროკურატურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო ქმედებებით და შესაბამისად, სასამართლოს მიერ გამოცხადებული განაჩენით. ისინი დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ყველა დამნაშავე პირის და დამნაშავეების მფარველების დასჯას მოითხოვენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს 10 წელი და 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს — 9 წელი და 9 თვე.