მედია: აჭარის სოფლები უწყლობის გამო ეპიდემიის ზღვარზე არიან

რაიონში ახალი წყალსაცავი აშენდა, თუმცა წყლის ფილტრაციის სისტემა არ დამონტაჟებულა
Sputnik

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. ხელვაჩაურის რაიონში იმდენად დაბინძურებული წყალი მოდის, რომ ათი სოფელი ეპიდემიის ზღვარზეა, წერს გაზეთი „რეზონანსი“.

გამოცემის ინფორმაციით, ადგილობრივები წყალს ჭურჭლის და ტანსაცმლის გასარეცხადაც არ იყენებენ. 

ადგილობრივების თქმით, პერიოდულად წყალს ჭიები და ხვლიკები  მოყვება. მდგომარეობა წვიმის შემდეგ განსაკუთრებით უარესდება, როდესაც ადგილობრივი წყალსაცავი დიდი რაოდენობით ქვიშით ივსება.

აჭარის საბავშვო ბაღებში დაბინძურებული წყალი მოდის

ამ პრობლემას ხელვაჩაურის რაიონის ათი სოფლის მოსახლეობა მეხუთე წელია აწყდება. მიუხედავად იმისა, რომ ხელვაჩაურის მერიამ ახალი წყალსაცავი ააშენა, წყლის ფილტრაციაზე არავის უზრუნია, წერს გაზეთი.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხელვაჩაურის წყალმომარაგებაზე 10 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოსახლეობა მაინც სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი.

დაბინძურებულ წყალს მოსახლეობა მხოლოდ სარწყავად იყენებს.

ტემზის წყლის ყლუპმა ბრიტანელი მსახიობი კომაში ჩააგდო >>

დაწყებული სამუშაოების დასრულებისთვის ხელვაჩაურის ხელისუფლება დამატებით რამდენიმე მილიონ ლარს ითხოვს. ხელვაჩაურის წყალმომარაგების პროექტი 2019 წლისთვის უნდა დასრულდეს.