კობახიძე: საქართველო მდგრადი განვითარების პრინციპების ერთგული დარჩება

თბილისში საერთაშორისო კონფერენციაზე ქვეყნის სოციალურ და დემოკრატიულ განვითარებაზე მიმართული რეფორმები განიხილეს.
Sputnik

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი და მთავრობა მდგრადი განვითარების პრინციპების ერთგული დარჩება, განაცხადა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კონფერენციაზე „2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგი – იმპლემენტაცია“.

მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით ტარდება. ის წარმოადგენს პლატფორმას, სადაც დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს, სამეცნიერო წრეებს, სახელმწიფოს, კერძო და სამოქალაქო სექტორს და ყველა დაინტერესებულ მხარეს რეფორმების პროცესში არსებული გამოწვევებისა და მიღებული გამოცდილების განხილვის შესაძლებლობა გააჩნიათ.

„ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი არის პარლამენტი. სწორედ პარლამენტი, როგორც ხალხის ნების გამომხატველი ორგანო, განსაზღვრავს ქვეყნის სტრატეგიული განვითარების ძირითად მიმართულებებს. ნება მომეცით დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს პარლამენტი და მთავრობა მდგრადი განვითარების პრინციპების ერთგული დარჩება“, – განაცხადა კობახიძემ.

კვირიკაშვილი: საქართველო რეფორმატორ და ლიდერ ქვეყნად აღიარეს

საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის თქმით, მდგრადი განვითარების ამოცანების გადასაწყვეტად ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა საჭირო.

„ჩვენ შევძელით დაგვეღწია თავი მოკლევადიანი აზროვნების მოჯადოებული წრისათვის და რეალური ინვესტიციები ჩაგვედო მომავლის საქართველოს შენებაში – მოსახლეობის ჯანდაცვაში, განათლებაში, ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და მშვიდობიანი გარემოს შექმნაში“, — აღნიშნა კობახიძემ.

კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიმართა. მისი თქმით, 2012 წლიდან მთავრობის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს სწორედ ადამიანი, მისი ღირსება, და ყველა რეფორმა, რომელიც განხორციელდა ან ხორციელდება ქვეყანაში, მდგრად, ანუ სოციალურ და დემოკრატიულ განვითარებას უკავშირდება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას დადებითად აფასებს >>

„ამიტომ თითოეული ადამიანის და განსაკუთრებით პარლამენტარების წვლილი დასაფასებელია. მე, როგორც თავდაცვის მინისტრი სიამაყით ვაცხადებ, რომ ჩვენ ქვეყანას უზარმაზარი წვლილი შეაქვს მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, რაც მდგრადი განვითარების ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს. ჩვენ გვსურს წესებზე დამყარებული მშვიდობის განმტკიცება, და რომ ჩვენი მონაწილეობით ვიყოთ ღირსეული პარტნიორები საერთაშორისო თანამეგობრობისა და მსოფლიოში მშვიდობის დამყარების საქმეში“, — განაცხადა იზორიამ.

კონფერენციის თანაორგანიზატორია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საერთაშორისო პარტნიორები — საერთაშორისო თანამშრომლობის გერმანული საზოგადოება (GIZ) და გაერო.

კონფერენცია 29 მაისამდე გასტანს.