ვერდიქტი ცნობილია: მეტროს მემანქანეებს გაფიცვის უფლება განუსაზღვრელი ვადით შეეზღუდათ

სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების გამო მეტროს მემანქანეები დღეს სამოქალაქო სექტორთან ერთად აქციას გეგმავენ.
Sputnik

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ მეტროპოლიტენის მემანქანეებს განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდა გაფიცვაში მონაწილეობის მიღების უფლება სამუშაო საათების განმავლობაში,  ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტროპოლიტენის თანამშრომლებისთვის ანაზღაურების გაზრდა არ იგეგმება

თბილისის მეტროს მემანქანეებსა და „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას" შორის შრომითი დავა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. მემანქანეები „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისგან" ითხოვენ ხელფასის მომატებას 44%-ით, ანუ საათობრივი ანაზღაურების 7-დან 10 ლარამდე გაზრდას. მემანქანეების მოთხოვნებს  „თბილისის სატრანსპორტო კომპანია" გამოეხმაურა და განმარტა, რომ დასაქმებულთა ცალკეული ჯგუფისთვის ანაზღაურების გაზრდა არ განიხილება, რადგან იგი სხვა თანამშრომლების უკმაყოფილებას გამოიწვევს.

სასამართლოს გადაწყვეტილება: როდის გაიფიცებიან მეტროს მემანქანეები>>>
მეტროს თანამშრომლებმა, მოლაპარაკებების წარუმატებლობის გამო, 2018 წლის 3 მაისს გაფიცვა დააანონსეს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე 30 დღის ვადით, 2018 წლის 3 ივნისამდე გადაიდო.

EMC-ს ცნობით, 21 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ამჯერად განუსაზღვრელი ვადით შეზღუდა დამოუკიდებელი პროფესიული გაერთიანების წევრი მეტროს მემანქანეების გაფიცვაში მონაწილეობის მიღების უფლება „სამუშაო საათების განმავლობაში".

სატრანსპორტო კოლაფსის ზღვარზე: მეტროს მემანქანეები გაფიცვით იმუქრებიან

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ სატრანსპორტო კომპანიის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" წარმომადგენლები მიუთითებდნენ, რომ მემანქანეების გაფიცვა მეტროს პარალიზებას გამოიწვევდა. ამასთან ერთად კომპანიამ სასამართლოს მეტროპოლიტენის მემანქანეების გაფიცვის კანონიერებასთან დაკავშირებით სარჩელით მიმართა.

სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების გამო მეტროს მემანქანეები დღეს სამოქალაქო სექტორთან ერთად აქციას გეგმავენ, რომელსაც უერთდებიან „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC), „სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრი“ და „აუდიტორია 115".

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში" 6300-მდე თანამშრომელია დასაქმებული. თბილისის მეტროპოლიტენი ყოველდღიურად 350-400 ათას მგზავრს ემსახურება.