ნება თუ იძულება: სკანდალურად ცნობილი „კაფე გალერი" კვლავ გაიხსნა

თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ „კაფე გალერიმ" მუშაობა განაახლა, „ბასიანი" კი კვლავ დახურულია
Sputnik

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. თბილისში ღამის კლუბი „კაფე გალერი" (Cafe Gallery)კვლავ მზადაა სტუმრების მისაღებად — საქართველოს საგამოძიებო ორგანოებმა ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ კლუბის მფლობელებს მუშაობის განახლების ნება დართეს, იუწყება Новости-Грузия შსს-ზე დაყრდნობით.

ცნობილია, საიდან შემოდის საქართველოში ნარკოტიკი

თბილისში ცნობილმა ღამის კლუბებმა მუშაობა 12 მაისს ღამით ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ შეწყვიტეს, რომელსაც ახალგაზრდების საპროტესტო ტალღა მოჰყვა. მფლობელებისა და კლუბების სტუმრების უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ ნარკოდანაშაულში ბრალდებულები აღნიშნული შენობების გარეთ დაიჭირეს, სპეცრაზმი კი კლუბებში მაინც შევიდა. უფრო მეტიც, პოლიციას ახალგაზრდები მათ წინააღმდეგ ძალის გადამეტებაში სდებდნენ ბრალს.

გახარიამ ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაცია შეაფასა>>>

„დიახ, კლუბი („კაფე გალერი" — რედ.) უკვე დალუქული აღარ არის", — განაცხადა საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

გარდა ამისა, ტელეკომპანია Rustavi2-ის განცხადებით, მუშაობა განაახლა კიდევ ერთმა ღამის კლუბმა Blow Bar —მ, რომელიც „კაფე გალერის" შენობის მეორე სართულზე მდებარეობს. დაწესებულების მფლობელების განცხადებით, მათ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მისამართით არანაირი პრეტენზია არ აქვთ.

„ჩვენ ორივე ბარის ტერიტორია დავათვალიერეთ, დაზიანებული არაფერი არ არის, უბრალოდ ცოტა არეულობაა. პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებასა და ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდა. ალბათ, არანაირ ფინანსურ მოთხოვნას არ დავაყენებთ", — განაცხადა კლუბის დამფუძნებელმა ალექსანდრე ანთაძემ Rustavi2-თან.

რაც შეეხება „ბასიანს" (Bassiani), კლუბის მფლობელების განცხადებით, მას მუშაობა სამშაბათს უნდა განეახლებინა, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო, გახსნა გადაიდო.

ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის დაკავებულთა შორისაა „კაფე გალერის" დაცვის წევრი, რომელსაც შსს-ს ინფორმაციით, დიდი რაოდენობით აკრძალული აბები აღმოაჩნდა. ყველა დაკავებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

„არა ნარკოტიკს“ - მთავრობის ადმინისტრაციასთან კონტრაქცია გაიმართა

გასულ უქმეებზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ახალგაზრდული ორგანიზაცია „თეთრი ხმაურის მოძრაობის" ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც „კლუბური აქციის" მონაწილეები 12 მაისს ღამის კლუბში შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისას პოლიციელთა ქმედებებს აპროტესტებდნენ. მომიტინგეები აცხადებდნენ, რომ მხარს უჭერენ ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ ბრძოლას, თუმცა შსს-ს მეთოდები მათთვის მიუღებელია. უფრო მეტიც, აქციის წევრებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის გადადგომა მოითხოვეს.

სიტუაცია აქციაზე 13 მაისის საღამოს დაიძაბა, როდესაც ნაციონალისტური დაჯგუფების წევრებმა კონტრაქცია გამართეს და პარლამენტთან შეკრებილებს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ. აქციის მონაწილეებს ნაციონალისტური დაჯგუფების მომხრეების თავდასხმისგან პოლიციის კორდონები და წყლის ჭავლის მანქანები იცავდნენ.

ვითარება მას შემდეგ განიმუხტა, რაც „კლუბური აქციის" მონაწილეებთან შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა, რომელმაც შეკრებილთ ბოდიში მოუხადა. მან აქციის მონაწილეებს პირობა მისცა, რომ ყველა ის პირი, რომელთა უფლებამოსილების გადაცდომაც დადასტურდება, პასუხს აგებს, ამასთან განახლდება ნარკოპოლიტიკის კანონპროექტზე მუშაობა.