თბილისი, 16 მაისი – Sputnik. საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრების ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი (74) „მასტერსის“ სერიის АТР-ს ტურნირის მეორე წრეში მსოფლიოს ყოფილ ნომერ პირველ ჩოგბურთელ, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან ორ სეტში დამარცხდა – 4:6, 2:6.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის ტურნირზე პირველი მატჩი მოიგო >>
პირველ პარტიაში საკმაოდ თანასწორი ბრძოლა წარიმართა. მეტიც, 3:3 ანგარიშისას ქართველმა ჩოგბურთელმა ჯოკოვიჩის ჩაწოდების აღება ოთხჯერ შეძლო. მაგრამ სერბმა გაუძლო. სეტის ბოლოს მან ძალები მოიკრიბა და მეათე გეიმში ბრეიკის გაკეთება შეძლო, რომელმაც პარტია მოაგებინა — 6:4.
ბასილაშვილის ქომაგების სამწუხაროდ, მეორე სეტში მან ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა ოპონენტს და თავისი ჩაწოდება ორჯერ დათმო.
მატჩი საერთო ჯამში 1 საათი და 16 წუთი გაგრძელდა.
ასეთ ადრეულ ეტაპზე დამარცხების მიუხედავად, ბასილაშვილმა 45 სარეიტინგო ქულა და 32 000 ევრო გამოიმუშავა. დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, АТР-ს განახლებულ რეიტინგში ქართველი ჩოგბურთელი საკუთარ პოზიციებს გაიუმჯობესებს და 74-ე პოზიციიდან გადაინაცვლებს
რაც შეეხება ტურნირს რომში Internazionali BNL d"Italia, ის 20 მაისამდე გაგრძელდება. მისი საერთო საპრიზო ფონდია თითქმის ხუთნახევარი მილიონი ევრო. ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია ალექსანდრ ზვერევი (გერმანია).