ვინ სარგებლობს საქართველოში საპენსიო და სოციალური პაკეტით

კანონის მიღების შემთხვევაში 2018 წლის სექტემბრიდან დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება, რომელიც სავალდებულო იქნება 40 წელს ქვევით პირებისთვის და არჩევითი — 40 წელს ზევით პირებისთვის.
Sputnik

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საქართველოში საპენსიო და სოციალური პაკეტებით ამჟამად 900 ათასამდე ადამიანი სარგებლობს, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის "საქსტატის" მიერ გამოქვეყნებულ მასალებში.

საპენსიო სისტემის რეფორმა – მოლოდინი და რისკები...

2012 წლის 1 სექტემბრიდან „საპენსიო პაკეტის“ მიმღებთა ჯგუფში ერთიანდებიან მხოლოდ ასაკით პენსიონერები, ხოლო ყველა დანარჩენი — „სოციალური პაკეტის“ მიმღებთა ჯგუფში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2017 წელს საპენსიო და სოციალური პაკეტების მიმღებთა ზუსტი რაოდენობა 898 113-ს შეადგენდა. მათგან 732 067 პენსიონერია და საპენსიო პაკეტს იღებს, ხოლო დანარჩენი 166 046 ადამიანი სოციალური პაკეტის მიმღებთა ჯგუფში ერთიანდება.

საქართველოში პენსიების ზრდა 2019 წლიდან დაიწყება>>>

სოციალური პაკეტის მიმღები 166 046 ადამიანიდან 125 064 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია, 23 642 – მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრი, ხოლო 9 885 – სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები.

საპენსიო რეფორმა: როგორ მიიღებენ პენსიონრები დაგროვილ თანხებს

საქართველოს კანონმდებლობით, ქალებისთვის საპენსიო ასაკი განსაზღვრულია 60 წლიდან, მამაკაცებისთვის კი 65 წლიდან. საქართველოში პენსიები ბოლოს 2016 წლის აგვისტოში გაიზარდა — 12,5%-ით და დღეისთვის 180 ლარს შეადგენს, საარსებო მინიმუმი კი 177 ლარია. უახლოეს ორ წელიწადში პენსიის 20 ლარით გაზრდა იგეგმება.

ამასთან, საქართველოს მთავრობა უკვე 2018 წლის 1 სექტემბრიდან დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებას გეგმავს, რომელიც სავალდებულო იქნება 40 წელს ქვევით პირებისთვის, ხოლო არჩევითი — 40 წელს ზევით პირებისთვის. დაგროვებითი პენსიის სისტემის მიხედვით, მისი გადახდა პირის პენსიაზე გასვლის შემდეგ დაიწყება. თუმცა, პარლამენტმა დაგროვებითი პენსიის სისტემის შესახებ კანონპროექტი მთავრობას დაუწუნა და უკან დაუბრუნა და მისი ბედი ამ ეტაპზე გაურკვეველია.

რაც შეეხება სოციალურ პაკეტს, ის ენიშნებათ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს, მარჩენალის გარდაცვალების გამო, სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებს და პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ პირებს.