თბილისი, 12 მაისი – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მოუწოდა მიმართოს მას ყველა იმ ადამიანს, ვინც თბილისის ღამის კლუბებში სპეცოპერაციისას პოლიციის მიერ ძალის გამოყენებაზე საუბრობს.
პოლიციამ ღამის კლუბებში სპეცოპერაციის შედეგად რვა ნარკოგამსაღებელი დააკავა >>
„აცხადებენ, რომ ყველა პოლიციელი იყო აღჭურვილი ვიდეოკამერით, შესაბამისად, მივმართავ ყველა ადამიანს, ვინც აცხადებს, რომ იყო ძალის გამოყენება, მოგვმართოს, ჩვენ ყველა საქმეს შევისწავლით“, – აცხადებს ნინო ლომჯარია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.
მან მთელი ღამე ახალგაზრდების საპროტესტო აქციაზე გაატარა.
სპეცოპერაცია ღამის პირველ საათზე ერთბაშად ხუთ კლუბში დაიწყო — „ბასიანში“ „გალერიში“, „ხიდზე“, „მტკვარზე“ და „როკიტში“. კლუბებში მოულოდნელად შევარდა სპეცრაზმი, რომელმაც ნარკორეალიზატორთა დასაკავებლად სპეცოპერაცია დაიწყო. იქ მყოფი ყველა ადამიანი და პერსონალი გარეთ გაიყვანეს. აღნიშნულ კლუბებში სპეცოპერაცია სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.
კლუბებიდან გამოსულმა ადამიანებმა მიმდებარე ტერიტორიის დატოვებაზე უარი განაცხადეს. მათ შეუერთდნენ სხვა ახალგაზრდები, რომლებმაც მომხდარის შესახებ სოციალური ქსელებიდან შეიტყვეს. იმისათვის, რომ ეს ადამიანები არ დაბრუნებულიყვნენ კლუბებში და მათთვის გზის გადაკეტვის შესაძლებლობა არ მიეცათ, პოლიციის კორდონები დააყენეს. ამ დროს ზოგიერთმა მომიტინგემ პოლიციელების მისამართით ბოთლების სროლა და შეურაცხყოფების მიყენება დაიწყო.
თბილისის „ღამის ეკონომიკის“ ხელმძღვანელმა სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა >>
შედეგად მომიტინგეთა ნაწილი დააკავეს, მათ შორის კლუბ „ბასიანის“ მფლობელები ზვიად გელბახიანი და ტატო გეთია.
მოგვიანებით აქციამ პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლა, სადაც დაკავებები გაგრძელდა. პოლიციამ „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დააკავა, რომელიც ამ შემოდგომით პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას აპირებს.
ამჟამად ადმინისტრაციული წესით ყველა დაკავებული პირი განთავისუფლებულია.
სპეცოპერაცია ღამის კლუბებში ჩატარდა ხუთი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტის შემდეგ, რისი მიზეზიც სავარაუდოდ, ახალი „კლუბური“ ნარკოტიკი — მეფედრონი გახდა.
შსს-ში განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ საქართველოში კლუბური კულტურის განვითარებას, თუმცა, ამავდროულად, შეურიგებელ ბრძოლას უცხადებენ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას, მათ შორის კლუბებში.