თბილისი, 11 მაისი — Sputnik. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ინტერნეტის ხარისხის კონტროლს 15 აგვისტოდან განახორციელებს და 24 საათიან რეჟიმში შეამოწმებს, რამდენად ხარისხიან ინტერნეტს აწვდიან კომპანიები აბონენტებს, ნათქვამია კომისიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
უწყებაში მიიჩნევენ, რომ ინტერნეტ-პროვაიდერები აბონენტებს ხშირად ნაკლებად ხარისხიან ინტერნეტს აწვდიან, თუმცა, გადასახადს ხარისხიანი ინტერნეტისთვის ითხოვენ. გარდა ამისა, აბონენტებთან ხელშეკრულების გაფორმებისას პროვაიდერები არა ზუსტ, არამედ ინტერნეტის დაახლოებით სიჩქარეს მიუთითებენ, რაც მისი შენელების საშუალებას აძლევთ.
კომისიის მიერ მიღებული დადგენილების ძალაში შესვლამდე, ყველა ინტერნეტ-პროვაიდერს ოთხთვიანი ვადა აქვს, რათა აბონენტებთან დადებული ხელშეკრულებები დადგენილებასთან შესაბამისობაში მოიყვანონ.
„ინტერნეტის ხარისხის კონტროლის მექანიზმის შექმნაზე კომისია უკვე 10 თვეა მუშაობს. კომისიის მიზანია, მომხმარებლებს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდეთ ინტერნეტის ხარისხი და იმ თანხის ადეკვატური მომსახურეობა მიიღონ, რასაც პაკეტებში იხდიან", — ნათქვამია განცხადებაში.
ხარისხის კონტროლის დაწყების შემდეგ, აბონენტებს ექნებათ მექანიზმი, რომლითაც რეგულარულად გაზომავენ და შეადარებენ, რამდენად შეესაბამება რეალურ სიჩქარეს მათსა და პროვაიდერს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინტერნეტის სიჩქარე.
საუბარია ონლაინ-აპლიკაციაზე, რომელიც უახლეს მომავალში შეიქმნება. ამ აპლიკაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელი იქნება კომუნიკაციების კომისიის ვებ-გვერდიდან gncc.ge.
სისტემის ამუშავების შემდეგ, კომისია მომხმარებლის მიმართვის გარეშე თავად დააკვირდება პროცესს და სადაც დარღვევას აღმოაჩენს, ოპერატორის მიმართ კანონით განსაზღვრულ სანქციებს, მათ შორის, ფინანსურ სანქციებს გამოიყენებს.
დღეისათვის საქართველოში 755 ათასზე მეტი ინტერნეტ-აბონენტია და 160-მდე ინტერნეტ-პროვაიდერი. მათ შორის ყველაზე მსხვილია Silknet-ი, Magticom-ი და „ახალი ქსელები". საქართველოში ყველაზე მეტად ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტია გავრცელებული. წამში 20 მეგაბიტის ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი 30 ლარამდე შეადგენს.