თბილისი, 6 მაისი — Sputnik. ქობულეთში სეზონურად შეზლონგების განთავსებისთვის პლაჟი 5 ზონად დაიყოფა — აუქციონში მსურველებს მონაწილეობის მიღება 30 მაისამდე შეუძლიათ, განაცხადა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ დავით ვერულიძემ.
თითოეული ზონის იჯარის საწყისი ფასი დამოკიდებულია ადგილმდებარეობაზე და 240-დან 540 ლარამდე მერყეობს. ამ თვალსაზრისით ყველაზე მოთხოვნადია ფიჭვნარის მიმდებარე სანაპირო ზოლი.
„პლაჟზე შეზლონგების განთავსებასთან დაკავშირებით გამოცხადდა საჯარო აუქციონი, რომელიც 30 მაისს დღის 2 საათზე შედგება. შესაბამისად, აღნიშნული სექტორების განკარგვა აუქციონის პრინციპით კონკურენტულ გარემოში მოხდება“, — განაცხადა დავით ვერულიძემ ტელეკომპანია Ajara TV-ს ეთერში.
ტურისტული ობიექტების განთავსებისთვის მეწარმეებმა უნდა მიმართონ მერიას — თვითმმართველობა საკითხს კომისიაზე განიხილავს.
„ამ მიმართულებით რაიმე განსაკუთრებული შეზღუდვები არ შემოგვიღია — ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას სეზონური სავაჭრო ობიექტების იერსახე წარმოადგენს“, — აღნიშნა ვერულიძემ.
გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა იწყება >>
აჭარის ზღვისპირა ნაწილი ტურისტების საყვარელ ადგილს წარმოადგენს და მრავალფეროვანი საკურორტო ზონებით გამოირჩევა. ბათუმის შემდეგ ყველაზე პოპულარული საზღვაო კურორტი ქობულეთია, სადაც ყველანაირი გართობა და მომსახურება არის წარმოდგენილი.