თბილისი, 6 მაისი — Sputnik. ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაური სოსლან კაკაბაძე ბათუმში თითქმის სამწლიანი პატიმრობის შემდეგ დაბრუნდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ტოგოს დროშით მცურავ ხომალდზე ლიბიელმა სამართალდამცავებმა არალეგალური ტვირთი 2015 წელს აგვისტოში აღმოაჩინეს, რის გამოც დააკავეს ეკიპაჟის 5 წევრი, მათ შორის ქართველი მეზღვაური სოსლან კაკაბაძეც, რომელიც გემზე მზარეულად მუშაობდა.
29 აპრილს ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ სოსლან კაკაბაძის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მას ოჯახის წევრები, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები დახვდნენ.
ამ დროისთვის ლიბიის ციხეში კიდევ ორი ქართველი მეზღვაური რჩება. ბერძნული სანავთობო ტანკერ REX-ის კაპიტანი 55 წლის გენადი კომახიძე და მეზღვაური რომან კაკალაძე (მათთან ერთად დაკავებული მეზღვაური ნუკრი ხოხბა საქართველოში 13 მარტს დაბრუნდა). ბრალდება აქაც იდენტურია — ლიბიიდან დიზელის კონტრაბანდა. მათ საქმეებზე არსებითი განხილვები ისევ გრძელდება და მომდევნო სასამართლო სხდომა 20 მაისს ჩაინიშნა.
სოსლან კაკაბაძე ბათუმში არსებული საკრუინგო კომპანია GeoBridge KA-ს მეშვეობით 2015 წლის აგვისტოში, კოკის (მზარეულის) პოზიციაზე, ტოგოს დროშის ქვეშ მცურავ, მალტის მცირე ზომის სანავთობო ტანკერ Sovereign M-ზე დასაქმდა.
მალტურ ტანკერს ეგვიპტელი კაპიტანი მართავდა, ეკიპაჟი კი თითო ხორვატი, მალტელი და ეგვიპტელი მეზღვაურისგან შედგებოდა. კაკაბაძე მათ 2015 წლის 12 აგვისტოს შეუერთდა. 24 აგვისტოს კი ლიბიის ქალაქ საბრათას პორტთან ახლოს, ცარიელი ტანკერი ადგილობრივმა სანაპირო დაცვამ დააკავა.
ლიბიური მხარის მტკიცებით, Sovereign M კონტრაბანდული ნავთობის გადაზიდვას დედაქალაქ ტრიპოლიში გეგმავდა. დაკავების დროს მესაზღვრეებმა ტანკერის ეკიპაჟის წევრები სასტიკად სცემეს, ხუთ დღეში კი ელ-ზავიას ციხეში გადაიყვანეს, რომელიც სისასტიკით, ჯერ კიდევ ლიბიის ყოფილი დიქტატორის მუამარ კადაფის მმართველობის დროიდან არის ცნობილი.
კაკაბაძე თავიდან, 60 პატიმართან ერთად ღია ცის ქვეშ, რკინის გალიაში, გაუსაძლის და აუტანელ პირობებში იყო გამოკეტილი. შემდეგ დაკავებულებს ადგილი რამდენჯერმე შეუცვალეს.
ეგვიპტეში საქართველოს საელჩომ კაკაბაძეს ადვოკატი დაუქირავა.