თბილისი, 5 მაისი — Sputnik. მთავრობის მთავარ ამოცანას საქართველოს ყველა რეგიონში ცხოვრების დონის გათანაბრება წარმოადგენს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ პირველ ყოველწლიურ ფორუმზე.
მაღალმთიან რეგიონებზე 20 მილიონი ლარი დაიხარჯება >>
თვითმმართველობის რეფორმის პირველი ტალღა საქართველოში 2014 წარმოიშვა, როდესაც პარლამენტმა თვითმმართველობის კოდექსი მიიღო და რაიონების მერების და საკრებულოს წევრების არჩევის უფლება ადგილობრივ მოსახლეობას მიენიჭა.
„ზურგს უკან გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი, ძირეული რეფორმები, ვფიქრობ, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა უდავოდ იკავებს პირველ ადგილს მომავალი რეფორმების სიაში, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი ამოცანაა ცხოვრების დონის გათანაბრება სხვადასხვა რეგიონებს შორის. ეს უთანასწორობა რაც დღეს გვაქვს, არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ახალგაზრდობის მონაწილეობას რეფორმების განხორციელებაში დიდი მნიშვნელობა მიანიჭა.
„ჩვენ გვაქვს დღეს ადამიანური რესურსი, მაგრამ გაცილებით უფრო მეტი გვინდა. ჩვენი სურვილია და მე ადრეც ვთქვი, რომ ახალგაზრდები, რომლებიც მიიღებენ საუკეთესო განათლებას მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში, იყვნენ მოტივირებულნი, რომ წავიდნენ და თავიანთ რეგიონს, თავიანთ სოფელსა და რაიონს ემსახურონ. სწორედ, ამ რეფორმის შედეგი იქნება ის, რომ რეგიონებში იქნება გაცილებით უფრო მეტი საშუალება მათი დასაქმების და მათი პოტენციალის რეალიზებისა“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
სასოფლო-სამეურნეო მიწის მფლობელ უცხოელებს, შესაძლოა, ვალდებულებები დაეკისროთ >>
ხელისუფლების დეცენტრალიზება და რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარება მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. გარდა ამისა, რეგიონების განვითარებაში მთავრობა ხედავს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარებას და შესაძლებლობას ტურისტთა კიდევ უფრო მეტი რაოდენობის მოსაზიდად.