ზურაბ ჯაფარიძე საარჩევნო კამპანიას სამოქალაქო დაუმორჩილებლობით იწყებს?

ზურაბ ჯაფარიძე არსებული არაჰუმანური კანონების წინააღმდეგ გალაშქრებას გეგმავს.
Sputnik

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ხელისუფლება ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოწინააღმდეგეების მხრიდან დაუმორჩილებლობის გამოცხადების შესახებ გააფრთხილა.

„პლანი მუშაობს": „გირჩმა" 3000-მდე წვევამდელი „დააბოლა">>>

ოპოზიციონერი, რომელიც შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს, ირწმუნება, რომ საქართველოში ბევრი არაჰუმანური კანონია, რომელთა საფუძველზე მოქალაქეებს, როგორც მონებს, ისე ეპყრობიან.

„ჩვენ უბრალოდ ვამბობთ, რომ ეს კანონები უსამართლოა. ჩვენ, ისევე, როგორც ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე არ ემორჩილებოდნენ იმას, რომ მონობა იყო დაკანონებული, რომლებიც ამბობდნენ, რომ ეს არაჰუმანური, არაცივილურია და ამას არ უნდა დამორჩილდე, ვგეგმავთ ბევრ კანონს არ დავემორჩილოთ", — განაცხადა ჯაფარიძემ ტელეარხზე TV Pirveli.

მისი სიტყვებით, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა მისი წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება.

„გირჩის“ საქმე: ერთი დაჯარიმებული და ორი დაპატიმრებული

„ერთი მხრივ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც სისტემის ნაწილს წარმოადგენენ და სხვებს ჩაგრავენ. მეორე მხრივ კი არსებობენ ადამიანები, რომლებიც მონობაში იმყოფებიან, თუმცა ვერ აცნობიერებენ, რომ სახელმწიფო მათ, როგორც მონებს, ისე ეპყრობა. ჩემი საარჩევნო კამპანიის ნაწილი მიმართული იქნება იმაზე, რომ მათ გავაგებინოთ – ისინი მონურ მდგომარეობაში იმყოფებიან და სახელმწიფო მათ, როგორც მონებს, ისე ექცევა", — განაცხადა ჯაფარიძემ.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი და იგი იქნება პრეზიდენტის ბოლო პირდაპირი არჩევნები. ამასთან, ქვეყნის მეთაურის არჩევა არა ხუთი, არამედ ექვსი წლით მოხდება. „გირჩისთვის" ეს პირველი საპრეზიდენტო არჩევნები იქნება, რომელზეც პარტია საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებს.