თბილისი, 4 მაისი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმაში დაადანაშაულა, რომ მან მოქალაქეობის მიღება გაართულა მათთვის, ვისაც სამშობლოში დაბრუნება სურს.
საქართველოს მოქალაქეობის მსურველთა განცხადებებს თავდაპირველად იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განიხილავს და რეკომენდაციებს უგზავნის მოქალაქეობის საკითხების კომისიას. კომისია სიის შესწავლის შემდეგ რეკომენდაციებს პრეზიდენტს წარუდგენს. საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი იღებს.
„კითხვები მიჩნდება, როდესაც გასული წლის დეკემბერში მან (მარგველაშვილმა) თავისთან წაიღო მოქალაქეობის კომისია, თვითონ დააკომპლექტა, შეცვალა თავისი აქტი და შემდეგ გააადვილა ის, რომ უარს ეუბნება მოქალაქეობაზე ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა შვილს, რომლებსაც უნდათ დაბრუნება", — განაცხადა წულუკიანმა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.
მინისტრმა აღნიშნა, რომ 2017 წელს, მიუხედავად სერვისების განვითარების სააგენტოს დადებითი რეკომენდაციებისა, პრეზიდენტმა მოქალაქეობაზე უარი 565 შემთხვევაში თქვა.
„მიგვაჩნდა და ახლაც მიგვაჩნია, რომ მოქალაქეობის მინიჭება საქართველოს ყოფილი მოქალაქეებისთვის, საქართველოში დაბადებული პირებისთვის, საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრებისთვის ქვეყნის ინტერესებშია, რადგან ეს ადამიანები სამშობლოს ომების, ეკონომიკური საჭიროებებისა და სხვა სირთულეების გამო დაშორდნენ და დაბრუნება უნდათ. ჩვენ მათ კარი უნდა გავუღოთ“, – აღნიშნა წულუკიანმა.
უფრო ადრე წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 2013-2017 წლებში კომისიამ მოქალაქეობის საკითხებზე 32 ათასზე მეტი განცხადება განიხილა. აქედან 23 ათასზე მეტს დადებითი რეკომენდაცია მისცეს. ამ განცხადებების 86% ეკუთვნის იმ ადამიანებს, რომლებიც დაიბადნენ საქართველოში და ამ ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ.
მოქალაქეობის საკითხების კომისიის შემადგენლობა 2018 წლის იანვარში შეიცვალა. ის ოთხის ნაცვლად ექვსი ადამიანისგან დაკომპლექტდა, სათავეში კი კომისიას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ჩაუდგა.
მოქალაქეობის მინიჭება ხდება ჩვეულებრივი წესით, გამარტივებული წესით, საგამონაკლისო წესით და სპეციალური წესით.