თბილისი, 4 მაისი — Sputnik. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის სხდომა ფედერაციის პრეზიდენტის საკითხს განიხილავს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
დღეს სპორტსმენების ნაწილმა, მათ შორის, საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა საგანგებო განცხადება გააკეთა და ქართულ ძიუდოში შექმნილი რთული ვითარების გამო ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა. სპორტსმენების განცხადებით, ისინი ვარჯიშსა და შეჯიბრებებში მონაწილეობას იმ დრომდე არ გააგრძელებენ, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
„ქევხიშვილი იკავებს სამ სხვადასხვა თანამდებობას, მათ შორის ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარის, და ფაქტია, რომ ვერ ართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. მისი მმართველობის პერიოდში ამ სპორტს არ აქვს მომავალი, რაც დასტურდება მისი ექვსწლიანი მმართველობითა და შედეგებით, რაც მხოლოდ ჩვენი სპორტსმენების თავდაუზოგავი შრომის ხარჯზე მიიღწეოდა და არასდროს – ფედერაციის მხარდაჭერით", — აღნიშნა ლიპარტელიანმა.
მისი განცხადებით, საქართველოში დიდი ტრადიციების მქონე ქართულ ძიუდოს წლების განმავლობაში საერთაშორისო ასპარეზზე მხარდაჭერა არ ჰქონია.
ქართველი ძიუდოისტების პროტესტი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოს ნაკრების წარუმატებელ გამოსვლას უკავშირდება. საქართველოს ნაკრები 26-29 აპრილს თელ-ავივში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა. ქართველი ძიუდოისტების წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ 30 აპრილს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა. მაშინ დავით ქევხიშვილის გადადგომა ზურაბ ზვიადაურმაც მოითხოვა.
ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის წევრმა შოთა ხაბარელმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ პრეზიდენტის გადაყენების საკითხს აღმასკომი არ გადაწყვეტს.
„აღმასკომის სხდომა ამ წუთებში იწყება. მანამდე მე მოვისმინე ძიუდოისტების განცხადება. ეს, რაც თქვეს ბიჭებმა, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას ასპარეზობებში, არ არის კარგი მესიჯი მათგან. რა გადაწყდება აღმასკომზე, დასრულების მერე მოგახსენებთ. ფედერაციის პრეზიდენტის გადაყენების საკითხს აღმასკომი არ გადაწყვეტს, თუმცა აქვს ბერკეტი მთავარ მწვრთნელსა და სხვა საკითხებზე მიიღოს გადაწყვეტილება", – განაცხადა შოთა ხაბარელმა.
დავით ქევხიშვილი საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტია 2012 წლის 10 დეკემბრიდან. ის გასულ წელს ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს. 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო სიაში ქევხიშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების" პარტიული სიის პირველი ნომერი იყო.