თბილისი, 4 მაისი — Sputnik. თბილისის ცენტრში ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაიკეტება შაბათს „ევროპის დღის“ აღნიშვნასთან დაკავშირებით, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.
პარასკევის 21:00 საათიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება ევროპის მოედნიდან ღვინის აღმართის მიმართულებით; მეტეხის ტაძრის ცენტრალური შესასვლელიდან ევროპის მოედნის მიმართულებით; მეტეხის ქუჩაზე და წრიული მოძრაობა ევროპის მოედანზე.
შაბათს 17:00 საათიდან 23:00 საათამდე მოძრაობა ასევე აიკრძალება გორგასლის მოედნიდან ევროპის მოედნის მიმართულებით.
ევროპის მოედანზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგება 5 მაისის 00:00 საათიდან, ხოლო 6 მაისის 10:00 საათიდან — სრულად.
ევროპის დღე — ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ქვეყნებში მშვიდობისა და ერთიანობის ყოველწლიური დღესასწაულია.
მსოფლიოში ევროპის ორი სხვადასხვა — ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის მიერ დაწესებული დღე აღინიშნება, შესაბამისად, 5 და 9 მაისს.
საზეიმო ღონისძიებები რიყის პარკსა და ევროპის მოედანზე გაიმართება. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლები 12:00 საათიდან 17:00 საათამდე პარკს ევროპულ სოფლად გადააქცევენ. იგეგმება წარმოდგენების, თამაშებისა და სხვა საპრიზო გათამაშებების გამართვა.
17:00-დან 19:00 საათამდე ღონისძიების ძირითადი ნაწილი ევროპის მოედანზე გადაინაცვლებს, სადაც ქუჩის კალათბურთში შეჯიბრი გაიმართება.
„ევროპის დღე 2018" ევროპის მოედანზე გალა-კონცერტით დასრულდება, რომელიც 19:00 საათზე დაიწყება.
მუსიკალურ საღამოში მონაწილეობას მიიღებენ მუსიკალური შოუ The Voice оf Germany-ს გამარჯვებული ნათია თოდუა და მომღერალი ნინო ქათამაძე & Insight.