ფაროსანას ბიოლოგიური მტრის გამოსავლენად ნახევარი მლნ ლარი დაიხარჯება

აზიური ფაროსანა საქართველოში 2015 წელს გამოჩნდა, გასულ წელს კი დასავლეთ საქართველოს სოფლის მეურნეობას სერიოზული ზარალი მიაყენა.
Sputnik

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. ფაროსანასთან დაკავშირებული კვლევითი აქტივობები მიზნად ისახავს   აზიური ფაროსანას ბიოლოგიური მტრების გამოვლენას, მონიტორინგს და  მცენარეთა დაცვის სხვადასხვა, მათ შორის ბიოლოგიური საშუალებების ეფექტიანობის შესწავლას,  ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აზიური ფაროსანა საქართველოში 2015 წელს გამოჩნდა. ფაროსანამ გასულ წელს სერიოზული ზარალი მიაყენა დასავლეთ საქართველოს სოფლის მეურნეობას. მათ არა მარტო გაანადგურეს მოსავალი, არამედ საცხოვრებელი სახლებშიც შევიდნენ. ოქტომბერში აზიური ფაროსანა თბილისშიც გამოჩნდა. 

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით წამლობის ღონისძიებები იწყება

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა განკარგულების პროექტი „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების განხორციელების შესახებ. პროგრამა  მიზნად ისახავს საქართველოს პირობებში აზიური ფაროსანას ბიოლოგიის შესწავლას, მისი ბიოლოგიური მტრების გამოვლენას, მათი გამოყენების შესაძლებლობას,  მიზანშეწონილობასა და  მონიტორინგს. 

განკარგულების პროექტის მიხედვით, სურსათის ეროვნული სააგენტო, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების უზრუნველყოფის მიზნით, 500 ათას ლარს გადასცემს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს. სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ჩაერთვებიან მეცნიერები, რომლებიც საქართველოში ფაროსანას ბიოლოგიისა და რიცხოვნობის დინამიკას შეისწავლიან. 

როდის დაიწყება აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები

სააგენტოს ინფორმაციით, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისათვის გამოყოფილი თანხა გაიცემა გრანტის სახით ღია კონკურსის საფუძველზე და დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასების შედეგად შეირჩევა საუკეთესო ხარისხის კვლევითი პროექტები. 

მავნებლებთან ბრძოლისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან წელს 49 მლნ ლარია გამოყოფილი. გარდა ამისა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID), აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, საქართველოს 3,5 მლნ დოლარს გამოუყო.

საქართველოს მთავრობის აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროექტი სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა.