თბილისის აეროპორტში თამბაქოს მოწევისთვის განკუთვნილი სივრცე მოეწყო

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თამბაქოს მოწევისთვის განკუთვნილი სივრცე 102-ე ჩასხდომის ხიდთან მდებარეობს და სავენტილაციო სისტემითაა აღჭურვილი.
Sputnik

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში თამბაქოს მოსაწევად სპეციალური სივრცე მოეწყო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

1 მაისიდან საქართველოში ძალაში შევიდა ცვლილებები „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში, რომლის თანახმად თამბაქოს მოხმარების ახალი რეგულაციები ამოქმედდა.

მოწევა იკრძალება ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში — იგულისხმება შენობა, რომელსაც აქვს იატაკი, სახურავი ან ჭერი და არანაკლებ 1/2-ზე აქვს ნებისმიერი სახის ან/და მასალის მოძრავი ან უძრავი კედლები, მათ შორის, ღია ან დახურული ფანჯარა და კარი.

ვინ გააკონტროლებს თამბაქოს რეკლამას სატელევიზიო სივრცეში

არის გამონაკლისი შემთხვევები. ანუ თამბაქოს მოწევა ნებადართულია: ფიზიკური პირის საცხოვრებელ სახლში, ტაქსისა და კატერში, სამორინეში, წინასწარი დაკავების იზოლატორში, პენიტენციურ დაწესებულებაში, სიგარაბარში, ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ სტაციონარულ დაწესებულებებში, სტადიონზე, რომელსაც ჰყავს ადმინისტრაცია (2020 წლის 1 იანვრამდე), სასტუმროს ნომრების არაუმეტეს 20%-ში (2020 წლის 1 იანვრამდე) და აეროპორტის სატრანზიტო ზონაში თამბაქოს მოსაწევად გამოყოფილ ადგილზე.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თამბაქოს მოწევისთვის განკუთვნილი სივრცე 102-ე ჩასხდომის ხიდთან მდებარეობს და ის სავენტილაციო სისტემითაა აღჭურვილი.

კანონი ამოქმედდა: თამბაქოს ღერებით ვეღარ შეიძენთ>>>
ახალი რეგულაციების თანახმად, აკრძალულ ადგილებში თამბაქოს მოწევის შემთხვევაში ჯარიმები ფიზიკურ პირზე 50 ლარიდან იწყება, იურიდიული პირებისთვის კი 500 ლარიდან.
საქართველოში თამბაქოს მოხმარებაზე შეზღუდვები და წესის დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმები დღეიდან ამოქმედდა.