საქართველოსა და EFTA-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება სრულად ამოქმედდა

შვეიცარიაში, ნორვეგიაში, ისლანდიასა და ლიხტენშტეინში ექსპორტირებისას საქართველოში წარმოებული პროდუქცია საბაჟო გადასახადებისგან გათავისუფლდება.
Sputnik

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოს შესაძლებლობას მისცემს ქვეყანაში წარმოებული პროდუქტებისა და სერვისების დიდი ნაწილი სატარიფო ბარიერების გარეშე განათავსოს EFTA-ს წევრი ქვეყნების სამომხმარებლო ბაზრებზე, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

1960 წელს დაარსებული EFTA-ს შემადგენლობაში შედიან ნორვეგია, ისლანდია, შვეიცარია და ლიხტენშტეინი. შეთანხმება საქართველოს ამ ქვეყნების 14-მილიონიან, მაღალი მსყიდველობითი უნარის ბაზარს უხსნის.

ნორვეგიამ საქართველოს 4 მილიონი დოლარის გრანტი გამოუყო

საქართველოსა და EFTA-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ხელი 2016 წლის 27 ივნისს მოეწერა. შეთანხმება ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის მინისტერიალის ფარგლებში ქალაქ ბერნში გაფორმდა.

აღნიშნული შეთანხმება საქართველოს ნორვეგიასა და ისლანდიას შორის 2017 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა, 2018 წლის 1 მაისიდან კი მათ ასოციაციის წევრი სხვა ორი ქვეყანა — შვეიცარიის კონფედერაცია და ლიხტენშტეინიც დაემატა.

„თავდაპირველად EFTA-ს ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასასრულებლად გათვალისწინებული იყო ოთხი რაუნდი, თუმცა მხარეებს შორის ეფექტური და ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად აღნიშნული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა სამ რაუნდში", — ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

შეთანხმება ითვალისწინებს, რომ საქართველოში წარმოებული ნებისმიერი სამრეწველო პროდუქცია ამ ოთხ ქვეყანაში დამატებითი საბაჟო გადასახადების გარეშე შევა. სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიმართ ნულოვანი ტარიფი იმოქმედებს. გარკვეულ პროდუქციაზე ტარიფები მინიმუმამდეა დაყვანილი და თითქმის ორჯერ შემცირდა.

ისლანდია საქართველოს რეფორმატორ და პარტნიორ ქვეყნად აღიარებს

ამასთან, EFTA-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება დაფარავს როგორც საქონლით ვაჭრობის სატარიფო ლიბერალიზაციის საკითხებს, ასევე არასატარიფო ბარიერების გადალახვის შესაძლებლობას.

საქართველოს EFTA-ს ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს ორმხრივი ვაჭრობის ზრდას. ასევე ამ ქვეყნებში გაზრდის საქართველოს, როგორც საინვესტიციო დანიშნულების ქვეყნის მიმზიდველობას.