თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი მაყურებელს სპექტაკლ „ალი და ნინოს“ პრემიერას წარუდგენს, ნათქვამია რუსთაველის თეატრის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
საპრემიერო ჩვენებები 1 და 2 მაისს გაიმართება. ყურბან საიდის რომანის მიხედვით პიესა რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ დადგა. კომპოზიტორი — სანდრო თედიაშვილი.
სპეკტაკლში გამოყენებულია სხვადასხვა ხალხის ფოლკლორული მელოდია და კლასიკური მუსიკის ნაწარმოები. სპექტაკლი შოთა რუსთაველის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე სცენაზე გაიმართება.
ყურბან საიდი — გერმანელი მწერლისა და ჟურნალისტის ლევ ნუსენბაუმის ფსევდონიმია. ის 20-მდე წიგნის ავტორია, მათ შორის რომანის „ალი და ნინო“. ეს რომანი 27 ენაზეა თარგმნილი და 11 მილიონიანი ტირაჟით გამოიცა.
„ალი და ნინო“ — ორი ახალგაზრდა ბაქოელის — აზერბაიჯანელი მუსლიმი ალი ხან შირვანშირისა და ქართველი ქრისტიანი ნინო ყიფიანის სიყვარულის ისტორიაა. რომანში მოქმედება პირველი მსოფლიო ომის ფონზე ვითარდება.