თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. საერთაშორისო ფოტოკონკურსი Kolga Tbilisi Photo 2018 დამთვალიერებელს კარს გაუღებს 4 მაისს, იუწყებიან ორგანიზატორები.
ახალგაზრდა და საერთაშორისო არენაზე კარგად ცნობილი ფოტოგრაფები თბილისში უკვე მე-17-ჯერ შეიკრიბებიან. წელს ფოტოკვირეული 11 მაისამდე გაგრძელდება.
Kolga Tbilisi Photo Kolga-ს ფარგლებში გაიმართება საერთაშორისო, ადგილობრივი, ჯგუფური და ინდივიდუალური გამოფენა, უფასო ვორკშოპები, სემინარები, დისკუსიები, ლექციები, უცხოელ ფოტოგრაფებთან შეხვედრები და მათი პორტფოლიოს მიმოხილვა.
კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებს ჩაატარებენ ფოტოექსპერტები, კურატორები და წამყვანი მსოფლიო ფოტოგრაფები. კონკურსის მიზანი 2002 წლიდან უცვლელია — ფოტოხელოვნების როგორც მედიის ერთ-ერთი ახალი ფორმის პოპულარიზაცია.
Kolga Tbilisi Photo-ს საპრიზო ფონდი 7 ათას დოლარს შეადგენს. გამარჯვებულებს შორის თანხა ოთხ ნომინაციაში განაწილდება: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, საუკეთესო კადრი/Best shot/ და ჰუავეის ქვენომინაცია — მობილური ფოტო.
დაჯილდოების ცერემონია, ტრადიციისამებრ, გამოფენის გახსნის დღეს 4 მაისს გალერეა Artarea-ში ჩატარდება (დოდო აბაშიძის, 10).
პირველ ოთხ კატეგორიაში თითოეული გამარჯვებული 1500 დოლარს მიიღებს. დანარჩენი თანხა ქვენომინაციის გამარჯვებულებს შორის განაწილდება.
თბილისში უკრაინელი მხატვრის და ფოტოგრაფის გამოფენა მიმდინარეობს >>
აგრეთვე გამოცხადდება პრემია Kolga Newcomer Photo Award-ის ლაურეატი, რომელიც საუკეთესო ახალგაზრდა ფოტოგრაფს გამოავლენს.
გამოფენების, ვორკშოპების და სემინარების დეტალური პროგრამა ღონისძიების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.